თავში

ადვოკატი: კალანდიას წინააღმდეგ საქმეს პოლიტიკური ელფერი აქვს

ადვოკატი: კალანდიას წინააღმდეგ საქმეს პოლიტიკური ელფერი აქვს
ადვოკატი: კალანდიას წინააღმდეგ საქმეს პოლიტიკური ელფერი აქვს

ამ ეტაპზე რჩება შთაბეჭდილება, რომ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ პოლიტიკური ელფერით ხდება საქმის შეთითხვნა, - ამის შესახებ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა. უფლებადამცველმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დღევანდელ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ დღევანდელ პროცესზე კალანდიას მიერ ჩვენებაზე უარის თქმა, თავის არიდებას არ ნიშნავს.

,,ჩვენთვის არ გადმოუციათ უზენაესის დოკუმენტები. კალანდიას უარი არ არის თავის არიდება, დაცვის უფლება დარღვეულია და ეს არის რეალური საბაბი. ხვალ ბრალდების სიტყვას მოვისმენთ და ამის შემდეგ შემიძლია განაჩენზე ვარაუდები გითხრათ. ამ ეტაპზე რჩება შთაბეჭდილება, რომ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ პოლიტიკური ელფერით ხდება საქმის შეთითხვნა", - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

პროკურორი ბესიკ ქვარცხავა კი კალანდიას მიერ ჩვენებაზე უარის თქმას, სხვა მიზეზს უკავშირებს.

,,მიხეილ კალანდიას მიერ ჩვენებაზე უარის თქმაზე ჩვენი შეფასება იქნება, რომ ბრალდებულს აქვს გარანტირებული უფლება მისცეს ჩვენება, თუმცა ასევე აქვს შესაძლებლობა, არ გამოიყენოს და არ მისცეს ჩვენება. მიზეზები რის გამოც უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, უზენაესის სხდომის ოლქის არ გადაცემას დაუკავშირა, რაც არ არის რეალური, დღეს სხდომაზე გამოჩნდა - რეალურად ჩანაწერების გაცნობა არ სურდათ. ხვალ სახელმწიფო ბრალდების მხარე იტყვის დასკვნით სიტყვას და შეაფასებს მტკიცებულებებს", - აღნიშნა პროკურორმა. 

ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე მიხეილ კალანდიამ სიტყვით მიმართა სასამართლოს და ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. მას აქვს ეჭვი, რომ მის მიერ მიცემული ჩვენებები გამოყენებულია და მომავალშიც გამოყენებული იქნება პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, მაშინ, როდესაც უზენაესი სასამართლოს სხდომის ოქმი, რომლითაც საპროცესო გაფორმდა ჯანაშიასთან, საიდუმლოა. ბრალდების მხარე ნებისმიერი მასალის განხილვაზე თანხმობას აცხადებს, რაც მათივე თქმით, პროცესის დაჩქარებას ხელს შეუწყობს, მათ შორის უზენაესის სასამართლოს განაჩენის აუდიოჩანაწერი. კალანდიას ადვოკატი უარს აცხადებს ამ ოქმის განხილვაზე, რადგან თვლის, რომ დაცვის უფლება უკვე დაირღვა.

კალანდიას საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევა დასრულებულია. ბრალდების მხარე ხვალ დასკვნით სიტყვას იტყვის. 

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 28 იანვარს გამოაცხადა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. შედეგად, გიორგი ჯანაშიას 11 წლითა და 3 თვით მისჯილი წლებიდან პატიმრობიდან, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება.

მისჯილი წლებიდან გიორგი ჯანაშიას 2 წელი უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად, ის პენიტენციურ დაწესებულებას 2021 წელს დატოვებს.

რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში სცნო დამნაშავედ. ბარბაქაძეს სასჯელიც უცვლელი დარჩა, მას 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული.

შეგახსენებთ, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system