თავში

გელხაური: ზ.ხ. ითხოვს სიცრუის დეტექტორით დაიკითხონ ისინიც, ვინც ჩვენებებს ცვლიან

გელხაური: ზ.ხ. ითხოვს სიცრუის დეტექტორით დაიკითხონ ისინიც
გელხაური: ზ.ხ. ითხოვს სიცრუის დეტექტორით დაიკითხონ ისინიც, ვინც ჩვენებებს ცვლიან

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დასრულების შემდეგ, არასრულწლოვან ზ.ხ.-ს უფლებადამცველმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით მოსამართლეს აცნობა. 

მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი ზ.ხ. ითხოვს სიცრუის დეტექტორით დაიკითხოს, მათთან ერთად, ვინც ჩვენებები რამდენჯერმე შეცვალა.

"დღევანდელ პროცესზე ზ.ხ.-მ გამოაცხადა შიმშილობა და ამის რამდენიმე მიზეზი დაასახელა. პირველ რიგში ის ითხოვს სიცრუის დეტექტორზე როგორც მის დაკითხვას, ასევე ამირხანაშვილის ახვლედიანის და საქმეზე წარმოდგენილი მოწმეების, რომლებიც ცვლიან ჩვენებებს ყველა გამოკითხვაზე. ზ.ხ.-მ ასევე მოითხოვა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული მისგან ჩვენების იძულებით მიღების ფაქტი. მან ასევე დააყენა იმ პროკურორის აცილების საკითხი, რომელიც ესწრებოდა მის დაკიტხვას, სადაც ზ.ხ.-სგან ჩვენებას იღებდნენ იძულებით. ამ მოთხოვნებით ის აცხადებს შიმშილობას და ამის შესახებ მან მოსამართლეს აცნობა. 

ბრალდების მხარემ წარმოადგინა დღეს შესავალი სიტყვა და გარკვეული მტკიცებულებების დაშვებასთან დაკავშირებით შუამდგომლობები. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია შესავალი სიტყვა. დამატებით მტკიცებულებებზე ჩვენი პოზიცია იყო უარი, ბრალდების მხარეს თავისუფლად შეეძლო გადმოცემული ყოფილიყო აღნიშნული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომამდე 5 დღით ადრე, თუმცა როგორც აღმოჩნდა გამომძიებელ თაკაშვილს გამორჩა ეს მტკიცებულებები, აი სულ ახლახანს გადასცა ბრალდების მხარეს და ბრალდების მხარემ ბრძანა, რომ ჩვენ სხვა მხარე ვართ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის გამომძიებელი საერთოს სხვა მხარეა და ამიტომ ახლა წარმოვადგენთ ამ მტკიცებულებებსო. სამწუხაროდ, ამ მართლმსაჯულებამ მიიღო გადაწყვეტილება დაეშვა ეს მტკიცებულებები," - განაცხადა გიორგი გელხაურმა.  

ცნობისთვის, არსებითი 18 აგვისტოს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ნიკოლოზ სანიკიძემ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ ითხოვენ მის აცილებას, მან ასევე აღნიშნა, რომ სიცრუის დეტექტორის ინსტიტუტს მართლმსაჯულება არ იცნობს და მოწმის სანდოობა მხოლოდ სასამართლომ უნდა შეაფასოს. 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system