თავში

გიორგი რურუას ცემის საქმეზე ციხის თანამშრომლებს ბრალი წარუდგინეს

გიორგი რურუას ცემის საქმეზე ციხის თანამშრომლებს ბრალი წარუდგინეს
გიორგი რურუას ცემის საქმეზე ციხის თანამშრომლებს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ცემის საქმეზე N8 პენიტენციური დაწესებულების ორ თანამშრომელს ბრალდება წარედგინა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ #8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა შ.მ.-მ და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა ლ.გ.-მ არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა.

"ლ.გ.-ს და შ.მ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია)", - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება გრძელდება და პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

ბრალდებულები 16 დეკემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

ცნობისთვის, 2 ნოემბერს გიორგი რურუას გლდანის ციხეში სხვა პატიმრები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system