თავში

გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება

გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება
გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზე ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა. გაბუნიას კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით - ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით დაკავებული პირი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - მაგომედ გუციევი, რომელმაც ვასამბეკ ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით არაერთხელ უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. აღნიშნული პირი სისტემატურად ახორციელებდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.

2020 წლის 27 ნოემბერს მაგომედ გუციევს ბრალდება წარედგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში გამოძიება გრძელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.

15 ივნისს, ტელეკომპანიებმა - "ფორმულამ" და „მთავარმა არხმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ მოქალაქეს ედავებიან შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტს, თუმცა მათ არ დაუკონკრეტებიათ, არის თუ არა საუბარი გიორგი გაბუნიაზე.

გიორგი გაბუნიასა და "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას მტკიცებით, ჟურნლისტის მკვლელობა ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

აღნიშნულ განცხადებებს კადიროვის პასუხი მოჰყვა, რომელმაც გაბუნიას მოუწოდა, დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის, მისი პირადი მტერი გახდება. თავის მხრივ, გაბუნუამ კადიროვს უპასუხა, რომ მას სიკვდილის არ ეშინია და კადიროვი დაჩოქილს ვერასოდეს ნახავს.

გასული წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია „რუსთავი2”-ში მუშაობდა, რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა, ჟურნალისტს დაემუქრნენ, როგორც ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ისე ერთ-ერთი რუსი ბლოგერი.

გიორგი გაბუნიამ და ნიკა გვარამიამ ჩვენება საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცეს. გაბუნიამ პროკურატურისგან სახელმწიფო დაცვის შეთავაზება მიიღო, რასაც ჟურნალისტი გარკვეული ფიქრის შემდეგ დათანხმდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system