თავში

ადვოკატი: არც ერთი მოწმე მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობას არ ადასტურებს

ადვოკატი: არც ერთი მოწმე მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობას არ ადასტურებს
ადვოკატი: არც ერთი მოწმე მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობას არ ადასტურებს

"განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ათეულობით მოწმე დაიკითხა, თუმცა ბრალდების არცერთი მოწმე მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობას არ ადასტურებს", - ამის შესახებ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი აცხადებს.

გაგი მოსიაშვილის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხრიდან წარმოდგენილ მოწმეებს პოლიციაში განვითარებულ გარემოებებთან შემხებლობა არ ჰქონიათ, შესაბამისად, მათი ჩვენებები, ფაქტობრივად არაფრის მთქმელია.

" ბრალდების სახელმძღვანელოდ ერთადერთი დედის პოზიცია რჩება,თუმცა, ზოგადად, სამართლიანი გადაწყვეტილებისათვის მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს წინაპირობა. დღევანდელ დღეს დაკითხულები ირიბი მოწმეები არიან, რომლებსაც პოლიციაში განვითარებულ გარემოებებთან შემხებლობა არ ჰქონიათ, შესაბამისად, მათი ჩვენებები, ფაქტობრივად არაფრის მთქმელია. ასე, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებებში მარიანა ჩოლიანის ბრალეულობა არ იკვეთება, იმიტომ, რომ მის მიერ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილი არ ყოფილა",- განაცხადა ადვოკატმა.

რაც სეეხება საქმის პროკურორის პოზიციას, ლევან ქუთათელაძის განცხადებით, მოწმეები პოლიციაში მყოფი პირების ჩვენებებიდან და მონაყოლოდან გამომდინარე ადასტურებენ, რომ ბრალდებულ მარიანა ჩოლოანის მიერ ადგილი ჰქონდა ჩვენების მიცემის იძულებას, იმისათვის რათა არასრულწლოვან ლუკა სირაძეს დაეფიქსირებინა და ეღიარებინა, რომ "მწვანე სკოლა" მან მოხატა.

"თბილისის საქალაქო სასამართლოში მარიანა ჩოლოიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. დღეს სხდომაზე ბრალდების მხარემ წარვადგინეთ მოწმეები, რომლებიც მითითებულნი არიან დასაკითხ პირთა სიაში და რომელთაც ინფორმაცია მიაწოდეს მარიანა ჩოლოიანის ბრალდების სიხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ეს მოწმეები უშუალოდ პოლიციაში განხორციელებული ფსიქოლოგიური ზემოქმედების დროს პოლიციის განყოფილებაში არ იმყოფებოდნენ, თუმცა არიან ირიბი მოწმეები, რომელთაც უშუალოდ იქ მყოფმა პირებმა გარკვეული სახის ინფორმაცია მიაწოდეს. მოწმეები პოლიციაში მყოფი პირების ჩვენებებიდან და მონაყოლოდან გამომდინარე ადასტურებენ, რომ ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის მიერ ადგილი ჰქონდა ჩვენების მიცემის იძულებას, იმისათვის რათა არასრულწლოვან ლუკა სირაძეს 2019 წლის 10 დეკემბერს დაეფიქსირებინა და ეღიარებინა, რომ "მწვანე სკოლა“ მან მოხატა",- განაცხადა ქუთათელაძემ.

შეგახსენებთ, გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩოლოიანმა არასრულწლოვანთა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.

15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, დაკითხვის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. მოზარდი 17 დეკემბერს იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system