თავში

კალანდიას საქმის გამო, საქართველოს მორიგი სირცხვილი ელოდება - ადვოკატი

კალანდიას საქმის გამო, საქართველოს მორიგი
კალანდიას საქმის გამო,  საქართველოს მორიგი სირცხვილი ელოდება - ადვოკატი

მიხეილ კალანდიას მიმართ, სამართლიანი სასამართლო უფლების დარღვევის გამო, სტრასბურგის სასამართლოში საჩივარს შევიტანთ, - ამის შესახებ Report.ge-ს დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა.

თოდუას თქმით, ამ საქმის გამო, საქართველოს ევროპულ სამართლებრივ სივრცეში, მორიგი სირცხვილი ელოდება. 

"დაახლოებით თვის ბოლოსთვის საჩივრის მომზადებას დავასრულებ. საქმე ეხება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო უფლების დარღვევას. კალანდიას უფლება დაირღვა როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე პირველი ინსტანციის, აპელაციის ეტაპზე და კულმინაცია იყო, უზენაეს სასამართლოში განხორციელებული ქმედებები, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შალვა თადუმაძის პირდაპირი დავალებით განხორციელდა.

ხელისუფლება ვალდებული იყო, უზენაეს სასამართლოში მაინც ემსჯელათ კალანდიას მიერ, კასაციაზე წარდგენილ იმ გარემოებებზე, სადაც იყო დარღვევების ჩამონათვალი, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უკრძალავს დემოკრატიულ ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე უნდა ემსჯელა სასამართლოს, ამ ინსტანციის სასამართლოში ვერ გამოიძებნა სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მოსამართლე. რაც არ უნდა კურიოზული იყოს, უზენაესი სასამართლოს პლენუმმა გადაწყვეტილება მიიღო და დაავალა სამოქალაქო კატეგორიის მოსამართლეებს, რომლებსაც სისხლის სამართლის საქმის პრაქტიკა არ აქვთ და თვალითაც არ ჰყავთ ნანახი პატიმარი, ემსჯელათ სისხლის სამართლის საქმეებში არსებულ დარღვევებზე. ეს არის კურიოზი და პარადოქსი. საქმეზე გადაწყვეტილება , საჩივრის დაუშვებლობის შესახებ, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კატეგორიის სამმა არაუფლებამოსილმა მოსამართლემ მიიღო, რადგან სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ყველა მოსამართლემ ეს საქმე თავიდან აიცილა.

სტრასბურგში ჩვენი მოლოდინი არის მხოლოდ ერთი, რომ ამ დარღვევას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დააფიქსირებს, ასახავს და საქართველოს მორიგი სირცხვილი ელოდება ევროპულ სამართლებრივ სივრცეში ამ საქმის გამო", - განუცხადა Report.ge-ს ზურაბ თოდუამ.

ცნობისთვის, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული, მიხეილ კალანდია სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.

მიხეილ კალანდიას 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system