თავში

კობა კოშაძე: ჩემი 10 წლის შვილის საფლავს ვფიცავ, იარაღი არ მქონია

კობა კოშაძე: ჩემი 10 წლის შვილის საფლავს ვფიცავ, იარაღი არ მქონია
კობა კოშაძე: ჩემი 10 წლის შვილის საფლავს ვფიცავ, იარაღი არ მქონია

ერთადერთი საფიცარი ჩემი 10 წლის შვილის საფლავია, რომელსაც 2-მეტრიანი ქვა ადევს, იმ საფლავს ვფიცავ, მანქანაში იარაღი არ მქონდა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის ბრალდებულმა წევრმა კობა კოშაძემ სასამართლოში განაცხადა. 

როგორც კობა კოშაძემ სასამართლოში დაკითხვაზე განაცხადა, მას ავტომობილში იარაღი პოლიციელმა ჩაუდო. 

„დაკავების წინა დღეს სოფელში წავედი. მთელი ღამის განმავლობაში ჩემ ნაკვეთში ფიზიკურად ვმუშაობდი, საერთოდ არ მძინებია. შემდეგ ჩემს ავტონანქანაზე დავჯექი და ჩემი შვილის საფლავზე ავედი, ღობე შევღებე, 19 აგვისტოს წლისთავს ველოდებოდი და მინდოდა მომეწესრიგებინა. მეუღლეს დავურეკე, რომ თბილისში შემხვედროდა და 100 ლარი მოეცა, ასევე დავურეკე ხელოსანს. სასაფლაოდან სახლში გამოვიარე, სოფლის ნობათი ჩავალაგე და თბილისში წავედი. დაახლოებით, 10-ის ნახევარი იქნებოდა, თბილისში შემოსული სამართალდამცავებმა გამაჩერეს და საბუთები მომთხოვეს. უცებ, მოძრაობა შეჩერდა, მომცვივდნენ, ჩხრეკა დამიწყეს. მანქანის კარი გააღეს, 7-8 მანქანა მაინც იქნებოდა. გავიხედე და იარაღი ხელის მუხრუჭთან ეგდო, ეს ჩემი არაა-მეთქი ვთქვი. პოლიციელ ანდრო ნეფარიძეს ეკეთა მხოლოდ ხელთათმანი, ნახეთ, იარაღიო, დაიწყო ყვირილი. ჩემი არაა და რაც გინდათ გააკეთეთ-მეთქი, ვუთხარი. იარაღი პარკში ჩადეს, არ დაულუქიათ, სხვა მანქანაში პარკი გახსნეს და შიგნით იყურებოდნენ, ათვალიერებდნენ. მანქანის ჩხრეკას ხელი არ მოვაწერე. დარწმუნებული ვარ, იარაღი პოლიციელმა ნეფარიძემ ჩადო, რადგან ხელთათმანები მხოლოდ მას ეკეთა", - განაცხადა კოშაძემ.

კოშაძის თქმით, მისი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. 

„რატომ დამიჭირეთ-მეთქი, ვკითხე ერთ-ერთ ხელმძღვანელს. გაეღიმა, რამდენი ხანია რაც ირაკლი ოქრუაშვილთან მუშაობო, მკითხა. 20 ივნისს, მიტინგზე ხომ იყავიო. რა დავაშავე მერე რომ ვიდექი-მეთქი, ვუთხარი. კარგი, არ გინდა პოლიტიკაზე საუბარი, თუ აღიარებ, განრიდებას გაგიკეთებო, მითხრა. დავრწმუნდი, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როგორც ამბობენ, მაღლიდან იყო ნაბრძანები. პატივცემულო მოსამართლე, ერთადერთი საფიცარი ჩემი 10 წლის შვილის საფლავია, რომელსაც 2 მეტრიანი ქვა ადევს, იმ საფლავს ვფიცავარ, მე იარაღი არ მქონდა", - განაცხადა კოშაძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system