თავში

კობა ნაყოფია პროკურატურაში იმყოფება

კობა ნაყოფია პროკურატურაში იმყოფება
კობა ნაყოფია პროკურატურაში იმყოფება

თბილისის პროკურატურაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელ მდივანთან, კობა ნაყოფიასთან გასაუბრების პროცედურა მიმდინარეობს. ნაყოფია უწყებაში პარტიის იურისტების მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე დაიბარეს. 

საქმე ეხება 23 თებერვალს ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებისას სამართალდამცველების მიერ ოფისიდან კომპიუტერული ტექნიკისა და მასალის წაღებას, ასევე ინვენტარის დაზიანებას.

„საზოგადოებამ დაინახა როგორი ვანდალიზმის განოხრციელდა სამართალდამცველების მხრიდან 23 თებერვალს, როდესაც შტურმით აიღეს მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისი. ამ პროცესში დაზიანდა ინვენტარი. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მოიპარეს სერვერები და ვიდეოჩაწერების ბლოკი. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, რომ დაიწყოს დაუყოვნებლივი გამოძიება ამ ფაქტზე. ამის შემდეგ დაგვიკავშირდნენ პროკურატურიდან. გვითხრეს, რომ უნდათ დამატებითი ინფორმაციის მიწოდების კუთხით ჩვენთან გასაუბრება. ჩვენ მზად ვართ, მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს განცხადებაში ამომწურავად არის აღწერილი და ვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს ვანდალიზმი.

მოპარული სერვერები უნდა დაბრუნდეს და თვითონ დაგვიბრუნონ. მზად ვართ, მოგვიტანონ ოფისში. ერთი იყო გარეკამერების ჩაწერის ბლოკი, რომელიც წაიღეს. ალბათ აინტერესებდათ, ვინ მოდიოდა ოფისში და ასე შემდეგ. თუმცა ამის არანაირი კანონიერი საფუძველი არ გააჩნდათ. ჩვეულებრივად დაიტაცეს, მოიპარეს და წაიღეს. მეორე იყო სერვერები, შიდაპარტიული მიმოწერები და ასე შემდეგ. ზარალი დასათვლელია. ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ პროკურატურა ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ყველანაირი ინფორმაცია მიწოდებული გვაქვს და შეეძლოთ, დიდი ხნის წინ დაეწყოთ. მოლოდინი არ მაქვს. ამას ისევე ჩაფარცხავენ, როგორც ბევრ საქმეს, რომელიც ხელისუფლებას არ აწყობს" – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

შეგახსენებთ, 23 თებერვალს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებისას, შსს-ს წარმომადგენლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან სერვერები ამოიღეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, არსებობდა საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაციის განადგურების ან/და სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. მათივე ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლომ კანონიერად ცნო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system