თავში

კოლეგა ადვოკატებო, გილოცავთ, ნიკა მელიას საქმემ პროცედურა გაგვიმარტივა - გიორგი კონდახაშვილი

კოლეგა ადვოკატებო, გილოცავთ, ნიკა მელიას საქმემ პროცედურა გაგვიმარტივა - გიორგი კონდახაშვილი
კოლეგა ადვოკატებო, გილოცავთ, ნიკა მელიას საქმემ პროცედურა გაგვიმარტივა - გიორგი კონდახაშვილი

ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი სოციალურ ქსელში გირაოს გადახდის პროცედურასთან დაკავშირებული ცვლილების შესახებ წერს. 

მისი ინფორმაციით, გადახდის პროცედურა გამარტივდა. ადვოკატი ფიქრობს, რომ აღნიშნული ცვლილება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდება. 

"კოლეგა ადვოკატებო, გილოცავთ ნიკა მელიას საქმემ უკვე მორიგი პროცედურა გაგვიმარტივა.

როგორც ჩანს გირაოს შესატანად უკვე აღარც საქმის რეკვიზიტები და აღარც უნიკალური იდენტიფიკატორი აღარ გვჭირდება. აღარ მოგვიწევს საათობით პროკურორების ლოდინი. ასე, ნებისმიერი მსურველი თურმე მივა ბანკში და კითხვასაც არ დაუსვამენ ისე შეძლებს გირაოს შეტანას. მართლა მოსალოცი ამბავია. ნიკა მელიას წყალობით, გირაოს დარღვევის შემდეგ ისევ გირაოს შეფარდება დამძიმებად ჩათვალეს და ახალი პრეცედენტი შექმნეს. ამ აბსურდული საქმის წყალობით, წინ ალბათ კიდევ ბევრი სიახლე გველოდება" - წერს კონდახაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა. ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს თუმცა არ გამოცხადდა. ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს და აცხადებს, რომ თუ ვინმე მის ნაცვლად გირაოს გადაიხდის, ეს იქნება "ქართული ოცნების" მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system