თავში

ქურდული სამყაროს 8 წევრი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ქურდული სამყაროს 8 წევრი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ქურდული სამყაროს 8 წევრი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ,,ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვასა და მხარდაჭერაში ბრალდებული რვა პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ report.ge-ს საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის დასაწყისში, ,,ქურდული სამყაროს“ წევრებმა - ბ.ქ.-მ, ი.ჩ.-მ, მ.მ.-მ, ლ.დ.-მ და ი.ა.-მ, ,,კანონიერ ქურდთან“ - ჯ.კ.-სთან შეთანხმებით, ვ.წ.-ს მოუწყვეს ,,ქურდული გარჩევა“ და დააკისრეს თანხის გადახდა. აღნიშნულის შემდგომ, ვ.წ.-მ ,,ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერის - ა.ს.-ს მეშვეობით თავის მხრივ მიმართა ,,კანონიერ ქურდს“ - თ.ქ.-ს. ამ უკანასკნელმა ვ.წ. გაათავისუფლა დაკისრებული თანხის გადახდისგან და გადაწყვეტილება ,,ქურდული სამყაროს“ წევრის - რ.პ.-ს მეშვეობით გადასცა ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, მ.მ.-სა და ლ.დ.-ს.

აღნიშნულ საკითხზე შემდგომში ერთმანეთს დაუკავშირდნენ და გადაწყვეტილება განიხილეს ,,კანონიერმა ქურდებმა“ - ჯ.კ.-მ და თ.ქ.-მ., რომლებიც შესაბამის მითითებებს აძლევდნენ ,,ქურდული სამყაროს“ ზემოხსენებულ წევრებს.

აღნიშნული ქმედებისთვის, ჯ.კ.-სა და თ.ქ.-ს. დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ,,კანონიერ ქურდობას“. ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, მ.მ.-ს, ლ.დ.-ს, ი.ა.-ს და რ.პ.-ს ბრალდება წარედგინათ სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ,,ქურდული სამყაროს“ წევრობას, ა.ს.-ს კი სსკ-ის 2234-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ,,ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერას.

სასამართლომ ,,კანონიერ ქურდებს“ ჯ.კ.-სა და თ.ქ.-ს სასჯელის სახით განუსაზღვრა 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ბ.ქ.-ს, ი.ჩ.-ს, მ.მ.-სა და ი.ა.-ს - 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ა.ს.-ს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავდროულად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ლ.დ.-ს ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვა) და სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება რ.პ.-ს, იგი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. დასაბუთებული სასამართლო განაჩენის მიღების შემდგომ, ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას მხოლოდ რ.პ.-სა და ლ.დ.-ს ნაწილში გაასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system