თავში

მარიამ ჯიშკარიანი: ვინ დაადგინა რომ ეს ნამდვილად დანაშაულის ადგილია

მარიამ ჯიშკარიანი: ვინ დაადგინა რომ ეს ნამდვილად დანაშაულის ადგილია
მარიამ ჯიშკარიანი: ვინ დაადგინა რომ ეს ნამდვილად დანაშაულის ადგილია

ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით გიორგი შაქარაშვილის საქმეში არსებობს კითხვები, რომელზეც ექსპერტიზა ვერ სცემს პასუხებს.

მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია ვინ დაადგინა, რომ ის ადგილი, რაზეც ექსპერტები საუბრობენ ნამდვილად დანაშაულის ადგილია.

"ის კითხვები, რომლებიც ჩვენ დავსვით კვლავ ძალაში და უპასუხოდ რჩება. ექსპერტიზის ფოტომასალაც ძალიან მწირია და ის არ შეესაბამება საერთაშორისო პროტოკოლს. ექსპერტიზის მიმართ არის ძალიან ბევრი კითხვისნიშანი, მათ შორის, გარდაცვალების დროსთან დაკავშირებით. თავის ტრავმასთან დაკავშირებით, ჩვენ ვთქვით, რომ სერიოზულ ტრავმაზეა საუბარი, რაც არაადეკვატურად არის შეფასებული ექსპერტიზის მიერ. არავის კომპეტენციაში არ შევალ, ოჯახს თავისი ინტერესი გააჩნია, მაგრამ ჩვენ, როგორც სამოქალაქო საზოგადოებას გაგვაჩნია ინტერესი, რომ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები არ იყვნენ შეკრულნი კრიმინალთან და სწორედ ეს ეჭვი აღიძრება აქ.

ეს არის შეუძლებელი, რომ დღეების განმავლობაში იქ მანქანები გადაადგილდებოდა, დღემდე არ არის დნმ-ის პასუხები. ძალიან მაინტერესებს, დანაშაულის ადგილი, რომელზეც ექსპერტები საუბრობენ, არის კი საერთოდ ეს დანაშაულის ადგილი? ვინ დაადგინა? რომ წავიდნენ იკვლიეს და იბოდიალეს იქ, რაღაც ბილიკებზე, ეს ადგილი იყო? რაიმე აქვთ? მაგალითად, დნმ-ის კვალი ამ ადგილიდან? ან ის ჩანთა როგორ მოხვდა იქ? არანაირი პასუხები არ გვაქვს და ეს კითხვები აჩენს მიზეზს, რომ დღეს ადამიანებს არ გააჩნიათ გამოძიების ნდობა და ადამიანები ითხოვენ FBI-ის ჩართვას მათი საქმეების გამოძიებაში," - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა ტელეკომპანია "ფორმულასთან".

შეგახსენებთ, გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს - ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა.

მათ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა გიორგი შაქარაშვილი არაგვის ნაპირზე სასტიკად სცემეს და წყალში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system