თავში

მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა

მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა
მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ბრალდებული, რომელიც დღემდე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასამართლოში არ ცხადდებოდა, დღეს საკუთარ პროცესზე პირველად მივიდა.  

როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ჩოლოიანის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განუცხადა, ბრალდების მხარეს ჩოლოიანის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენება აქვს.

"სამართლიანი სასამართლოს პირობებში შეუძლებელია ბრალდებამ მოახერხოს და მარიანა ჩოლოიანის ბრალი დაამტკიცოს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის  წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მან იძალადა ვინმეზე და ამ გზით მიიღო ჩვენება. ბრალდების სახელმძღვანელოდ, დღემდე ერთადერთი პირის ჩვენება რჩება. სხვა მტკიცებულება, რომელიც მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობას დაადასტურებდა, საქმეში ფიზიკურად არ არსებობს. მას აქვს დიდი სურვილი სასამართლო პროცესებში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა ამ დრომდე ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა ამის საშუალებას. ჩვენ გვინდა პროცესები იყოს ღია და საზოგადოებამ გაიგოს რაც შეიძლება მეტი ამ საქმის შესახებ"- განაცხადა მოსიაშვილმა.

საქმის პროკურორის, ლევან ქუთათელაძის განცხადებით, საქმესთან შემხებლობაში მყოფი პოლიციელების ჩვენებები არ ეწინააღმდეგება ბრლადების მხარის პოზიციას. 

"დაცვის მხრიდან აპელირება იმიაზე, რომ ბრალდების მხარეს მხოლოდ დაინტერესებული პირის ჩვენება აქვს, არ არის სიმართლე. საქმეზე გამოკითხული ყველა პოლიციის თანამშრომელი, ვინც იმყოფებოდა რაიმე შემხებლობაში ამ საქმესთან და პოლიციის ჩვენებებიც კი, არ ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის პოზიციას. დღეს, ჩვენ დავაყენებთ სხდომის დახურვის შუამდგომლობას, რომ არასრულწლოვანი მოწმეების დაკითხვისას მათი ინტერესები იქნას დაცული." - განაცხადა პროკურორმა. 

შეგახსენებთ , გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩოლოიანმა არასრულწლოვანთა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.

15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, დაკითხვის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. მოზარდი 17 დეკემბერს იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system