თავში

მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გადაიდო

მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გადაიდო
მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზი გახდა ის, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ახალი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის შუამდგომლობით მიმართა, დაცვის მხარემ კი ამ მტკიცებულებების გასაცნობად გონივრული ვადამოითხოვა. შესაბამისად, მოსამართლემ სხდომის გადადების თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკამაყოფილა.

სხდომის გადადებამდე ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. თუმცა, ბრალდებული თანახმაა, მისი დასწრების გარეშე გაგრძელდეს სასამართლო პროცესები. ერთ-ერთმა ადვოკატმა სასამართლოზე ჩოლოიანის მიერ ხელმოწერილი წერილი წაიკითხა. 

„ამჟამად ვიმყოფები ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და გავდივარ მკურნალობას, რის გამოც თანხმობას ვაცხადებ ჩემი დასწრების გარეშე, ჩემი ადვოკატების მონაწილეობით გაგრძელდეს სასამართლო სხდომა“, - აღნიშნავს ჩოლოიანი. 

ადვოკატის თქმით, ჩოლოიანს არ სურს სასამართლო სხდომები გაჭიანურდეს. 

სასამართლო პროცესი 4 მარტამდე გადაიდო.

შეგახსენებთ , გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩოლოიანმა არასრულწლოვანთა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.

15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, დაკითხვის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. მოზარდი 17 დეკემბერს იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system