თავში

მეჭიაურის მძღოლის საქმეზე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, გამოძიება დაიწყო

მეჭიაურის მძღოლის საქმეზე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, გამოძიება დაიწყო
მეჭიაურის მძღოლის საქმეზე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

“ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 1997 წელს დაბადებულმა გიორი ხუმარაშვილმა მიმდინარე წლის 17 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა გ.ხ.-ს დედისა და სხვა მოწმეთა გამოკითხვები. პოლიცია განაგრძობს ყველა იმ პირის გამოკითხვას, ვინც შესაძლოა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობდეს.

დაინიშნა ექსპერტიზები და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

გ.ხ. გადაყვანილია საავადმყოფოში და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, თამაზ მეჭიაურის მძღოლმა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. 22 წლის გიორგი ხუმარაშვილის დედის განცხადებით, მის შვილზე ზეწოლას ახორციელებდნენ და თხოვდნენ თამაზ მეჭიაურის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და მათთვის გადაცემას.

ახალგაზრდა კაცის დედის თქმით, ზეწოლას უშუალოდ ზურაბ ბექაური ახორციელებდა, რომელიც ასევე, თამაზ მეჭიაურის მეგობარია.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით კი, გიორგის ჰქონდა ინფორმაცია, რომლის თქმაც მისთვის ვერ მოასწრო. ამასთან, თიანეთის მერის განცხადებით, ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი სისტემატურად ცდილობდა მასზე ინფორმაციის მოპოვებას და მისი გუნდიდან ადამიანების გადმობირებას.

"შალვა კერესელიძე ყველა რესურსით ცდილობდა ჩემზე ინფორმაციის მოპოვებას და ხალხის გადაბირებას. რაღაც ინფორმაცია ჰქონდა გიორგის, რომელიც ჩემამდე ვერ მოიტანა", - განაცხადა მეჭიაურმა.

თავად ზურაბ ბექაური აცხადებს, რომ მას გიორგიზე არც ფსიქოლოგიურად და არც ფიზიკურად უძალადია. მეტიც, გიორგი წინა დღეს გაღიზიანებული და აგრესიული შეხვდა, რადგან მან გიორგის თბილისში წაყვანა დროულად ვერ მოახერხა.

"ზეწოლა რაზე უნდა მოგვეხდინა, კარგის და სიყვარულის მეტი ერთმანეთის მიმართ სხვა არაფერი გაგვაჩნია... ასეთი გაღიზიანებული გიორგი არ მინახავს, როგორ თუ მე არ წავიყვანე თბილისში დროულად და რაღაც საქმეში ხელი შევუშალე. არჩევნების ამბავი გამორიცხეთ. არავითარი ორმაგი თამაში არ ყოფილა", - განაცხადა ზურაბ ბექაურმა.

გიორგი ხუმარაშვილი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system