თავში

მეგონა, ჩემს შვილს გამოუშვებდნენ - თავდამსხმელის დედა

მეგონა, ჩემს შვილს გამოუშვებდნენ - თავდამსხმელის დედა
მეგონა, ჩემს შვილს გამოუშვებდნენ - თავდამსხმელის დედა

მე ვფიქრობდი, რომ ჩემს შვილს გამოუშვებდნენ, გირაოს გადავიხდიდით და გვერდით დავუდგებოდით მეც და მისი მეგობრებიც, -  ამის შესახებ წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის, ლევან ზურაბაშვილის დედამ, ლამარა ტერელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლამარა ტერელაძის თქმით, როდესაც მისი შვილი გაუბედურებულ და გაღატაკებულ ხალხს ხედავდა ძალიან განიცდიდა.

"არ მინახავს, რა ხდებოდა ბანკში. როგორც მითხრეს, როდესაც ლევანი ბანკში შევიდა, ყველას უთხრა, ვისაც გინდათ წადითო. ლევანს იქ არავინ დაუკავებია, ხალხი ხუმრობდა, იცინოდა და სადაც უნდოდა იქ გადიოდა. ჩემს შვილს ამის გაკეთებისკენ სიდუხჭირემ და გაჭირვებამ უბიძგა. როდესაც ლევანი ასეთ გაუბედურებელ და გაღატაკებულ ხალხს ხედავდა, ძალიან განიცდიდა, ვეუბნებოდი შენ ხომ არ ხარ პირველი მერცხალი, გამოჩნდება ადამიანი, ვინც მიხედავს საქართველოს-თქო. პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არანაირად არ არსებობდა, მე დედა ვარ და ჩემს შვილს კიდევ გავაკეთებინებდი ასეთ რამეს? ლევანს ისეთი მეგობრები ჰყავს, ყველა გვერდით დაუდგებოდა. მე ვფიქრობდი, რომ ჩემს შვილს გამოუშვებდნენ, გირაოს გადავიხდიდით და გვერდით დავუდგებოდით მეც და მისი მეგობრებიც", - განაცხადა ლამარა ტერელაძემ.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს, ლევან ზურაბაშვილის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 20 ნოემბერს, 31 წლის ლევან ზურაბაშვილი შეიჭრა და იქ მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მან მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა.

საქართველოს პროკურატურამ, ლევან ზურაბაშვილს მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი, საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system