თავში

მეუბნებოდა, შენს შვილს ყელს გამოვჭრი და ვიდეოს გადავუღებო - დედის სკანდალური ჩვენება

მეუბნებოდა, შენს შვილს ყელს გამოვჭრი და ვიდეოს გადავუღებო - დედის სკანდალური ჩვენება
მეუბნებოდა, შენს შვილს ყელს გამოვჭრი და ვიდეოს გადავუღებო - დედის სკანდალური ჩვენება

დედა, რომელიც ლაგოდეხში 11 წლის ბავშვების დაჩოქებისა და ბოდიშის მოხდის სცენას მობილურით თავადვე იღებდა, ჩვენებაში დეტალურად აღწერს, თუ რამ აიძულა ბავშვების მიმართ მსგავსი დამამცირებელი მოპყრობა მობილურით გადაეღო.

აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვნების იძულებისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ბრალი აქვს წარდგენილი ერთ-ერთი არასრულწლოვნის ბებიას, ვენერა კ-ს, რომელიც სკანდალური ვიდეო-ჩანაწერის მთავარი ფიგურანტია.

"ვცხოვრობ ლაგოდეხში, შვილებთან - 11 წლის გ.მ-თან და 7 წლის ა.მ-თან, ასევე დედასთან ც.შ-თან ერთად. მეუღლესთან განქორწინებული ვარ და ვცხოვრობთ ცალ-ცალკე. ჩემი შვილი გ.მ სწავლობს მე-6 კლასში. ჩემი შვილის კლასელებს მესინჯერში შექმნილი აქვთ ჯგუფი „მეექვსე კლასი“. აღნიშნულ ჯგუფში მეც ვარ დამატებული.

2020 წლის 4 ნოემბერს ჩემი შვილი ჩატში წერდა, რომ ვინმეს მიეწერა მისთვის მისი თანაკლასელის მ.კ-ს ნომერი. მე ვკითხულობდი მიმოწერას და გავიგე, რომ ჩემი შვილი მ.კ-სთან საჩხუბრად მიდიოდა. მე ჩატში მივიწერე, რა მოხდა გამაგებინეთ მეთქი. ჩემი შვილის თანაკლასელმა გოგონებმა მომწერეს, რომ მათმა თანაკლასელმა მ.კ-მ ჩატში გაკვეთილების ცხრილის ჩაგდება ითხოვა, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თანაკლასელ გოგონებს.

მე ჩატში, როგორც მახსოვს, ხმოვანი შეტყობინება გავაგზავნე და მოვუწოდე ბავშვებს, რომ ჩხუბის გარეშე, მშვიდობიანად მოეგვარებინათ აღნიშნული კონფლიქტი.

იმავე საღამოს ჩემი შვილის ერთ-ერთმა თანაკლასელმა გოგომ, არ მახსოვს კონკრეტულად რომელმა, პირად ჩატში გამომიგზავნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ჩემი შვილი გ.მ და მისი თანაკლასელი ვ.ა ცემენ თავიანთ თანაკლასელ მ.კ-ს, ეუბნებიან დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს, მ.კ დგება მუხლებზე და უხდის ბოდიშს თავის თანაკლასელ გოგონებს შეურაცხყოფის მიყენებისთვის. მე აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი წავშალე მესინჯერიდან. დილით მივედი სკოლაში. მინდოდა ჩემი შვილის თანაკლასელების - ვ.ა-ს და მ.კ-ს ნახვა, რათა ისინი შემერიგებინა. როდესაც სკოლაში მივედი ჩემმა შვილმა და ვ.ა-მ მითხრეს, რომ ისინი შეურიგდნენ მ.კ-ს, რომელიც მათთან ერთად იმყოფებოდა და იყვნენ მშვიდად. ამის შემდეგ მე სკოლიდან წამოვედი.

8 ნოემბერს ვიმყოფებოდა თბილისში. შუადღეს, როდესაც თბილისიდან ლაგოდეხში ვბრუნდებოდი, დამირეკა ჩემმა შვილმა, რომელიც ტიროდა და მეკითხებოდა სად ხარო. მე მას ვუთხარი, რომ თბილისიდან მოვდიოდი და მალე სახლში ვიქნებოდი. ჩემმა შვილმა მითხრა მ.კ-ს მშობლები არიან მოსულები და მეჩხუბებიანო. ამ დროს ტელეფონში გავიგე მამაკაცის ხმამაღალი საუბრის ხმა, რომელიც ჩემს შვილს ეუბნებოდა - დედაშენი დამალაპარაკეო. მივხვდი, რომ მ.კ-ს მამა იყო. იგი ტელეფონზე დამელაპარაკა და მითხრა, რომ ჩამოხვალ შენი შვილი წამოიყვანე და ჩემთან ამოდითო. დაახლოებით ერთ საათში ჩამოვედი თბილისიდან და პირდაპირ მ.კ-ს მშობლების სახლში მივედი. იქ დამხვდნენ მ.კ-ს მშობლები, ასევე ბებია ვენერა.

როდესაც ეზოში შევედი ვენერამ მაშინვე მითხრა - არ დამელაპარაკო, ხმა არ ამოიღო და შეპასუხება არ გაბედო, თორემ არ ვიცი რას ვიზამ, ძალიან გაბრაზებული ვარო. მას მართლაც ეტყობოდა, რომ აღელვებული იყო და არაადეკვატურად იქცეოდა. იგი ხმამაღლა ყვიროდა ჩემს შვილიშვილს არავის დავაჩაგვირინებო. მეუბნებოდა, შენს შვილს და მის მეგობარს ყელს გამოვჭრი, ვიდეოს გადავუღებ და ყველას ვაყურებინებო. ვენერა ითხოვდა ჩემი შვილის და მისი მეგობრის ვ.ა-ს მისვლას და მისი შვილიშვილისთვის ბოდიშის მოხდას. მე დავურეკე ჩემს შვილს და ვუთხარი მ.კ-ს სახლში მოსულიყო. ის რამდენიმე წუთში მოვიდა, ასევე მოვიდა მისი მეგობარი ვ.ა-ც. მათ მოსვლამდე ვენერა კვლავ ყვიროდა და ღმერთს სთხოვდა. მეშინოდა, ბავშვებისთვის არაფერი დაეშავებინა და ფიზიკურად არ შეხებოდა. ვენერამ თქვა, იმ ადგილას უნდა წავიდეთ, სადაც ჩემი შვილიშვილი სცემესო და იქ უნდა მოიხადონ ბოდიშიო.

ვენერას მითითებით ყველანი წავედით ყოფილი ლიცეუმის ეზოში. როგორც ჩანს, იცოდა ის ადგილი, სადაც მის შვილიშვილს მოახდევინეს ბოდიში. ჩემს შვილს გ.მ-ს და მის მეგობარს ვ.ა-ს უთხრა, დაიჩოქეთო. ჩემი შვილი მაშინვე მუხლებზე დადგა, ვ.ა ფეხზე იდგა და მუხლებზე არ დგებოდა. ვენერა მას უყვიროდა, მუხლებზე დადექი, თორემ თვალებს ამოგთხრიო. შემდეგ მივარდა ვ.ა-ს, ხელი მოკიდა და ძალის გამოყენებით დააყენა მუხლებზე. მათ გვერდით თავისი შვილიშვილი მ.კ დააყენა, ტელეფონი თავის რძალს გაუწოდა ვიდეო გადაიღეო, მაგრამ რძალს პატარა ბავშვი ეჭირა ხელში და ვერ გადაიღებდა. შემდეგ მე მომაწოდა ტელეფონი და მითხრა, შენ გადაიღებ ვიდეოსო. ასევე მითხრა, ვიდეოში მეც გამომაჩინეო.

ვიდრე ტელეფონის კამერას ჩავრთავდი ვენერა ბავშვებს უყვიროდა და აფრთხილებდა ბოდიში მოეხადათ მ.კ-თვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ თვალების დათხრით ემუქრებოდა. მე შემეშინდა, მართლა რამე არ დაეშავებინა ბავშვებისთვის, თან ვიფიქრე, თუ მხარს დავუჭერ იქნებ დამშვიდდესთქო. მე ტელეფონის კამერა ჩავრთე, ვენერას გასაგონად ჩემს შვილს და ვ.ა-ს ვუთხარი, როგორც მათ დაამცირეს მ.კ, ახლა ისე დაამცირებდა ისიც, ეს ყველაფერი ვიდეოზე იქნებოდა დაფიქსირებული, რომელსაც მათი კლასელები ნახავდნენ. ვენერამ ჩემს შვილს და ვ.ა-ს უთხრა, ბოდიში მოიხადეთო. ჩემმა შვილმა მაშინვე მოუხადა ბოდიში მ.კ-ს, ხოლო ვ.ა ჩუმად იყო, რაზედაც ვენერა გაბრაზდა და უთხრა, შენ არ ხარ ადამიანის გაზრდილი, ეტყობა მე ვერ მიცნობ, კვიპროსში რომ ბებია გყავს იქიდან დავიწყებ და ამოგძირკვავთ დედაბუდიანადო.

ვენერა ვ.ა-ს მიმართ უფრო მეტ აგრესიას იჩენდა, ვიდრე ჩემი შვილის მიმართ. შემდეგ ვ.ა-ს უკარნახა თუ როგორ უნდა მოეხადა ბოდიში მისი შვილიშვილისთვის, მათ შორის სთხოვდა უხამსი სიტყვების გამოყენებას საკუთარი თავის მიმართ. ვ.ა-ს არ უნდოდა ამ სიტყვების გამეორება, მაგრამ ვენერა ემუქრებოდა და იძულებული იყო გაემეორებინა ეს სიტყვები და ბოდიში მოეხადა ვენერას შვილიშვილისთვის. როდესაც ორივემ მოიხადა ბოდიში, ვენერამ მათ ადგომის უფლება მისცათ და უთხრათ, წადით სახლშიო," - წერს ჩვენებაში გ.მ-ს დედა.

მომხდარის შესახებ ქალმა მეორე დღეს სკოლის დირექტორს უამბო და ვენერა კ-ს მიერ ბავშვების დაჩოქების ამსახველი ვიდეო ჩანაწერიც აჩვენა. სკოლის ადმინისტრაციამ ფაქტი პოლიციას შეატყობინა.

ბავშვების იძულების და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით ვენერა კ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, თუმცა ის გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

დედის ჩვენებას "რუსთავი 2" ავრცელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system