თავში

მიხეილ კალანდია: მოსაკლავად არავინ მისულა, სამწუხაროდ, დავით სარალიძემ დაძაბა სიტუაცია

მიხეილ კალანდია: მოსაკლავად არავინ მისულა, სამწუხაროდ, დავით სარალიძემ დაძაბა სიტუაცია
მიხეილ კალანდია: მოსაკლავად არავინ მისულა, სამწუხაროდ, დავით სარალიძემ დაძაბა სიტუაცია

იურისტი რომ გავხდები, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულმა მიხეილ კალანდიამ სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

კალანდიამ ხორავას ქუჩაზე დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე ვინმეს მოსაკლავად არავინ მისულა.

„მომავალი იურისტი ვარ. რაც ჩემს გარშემო ხდებოდა, იურისტი რომ გავხდები ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. რადგან მედიასთან არ ვიდექით და არ ვაქტიურობდით, ბევრმა ამით ცუდად ისარგებლა. ჩვენ გარდაცვლილების სულებს ვცემდით პატივს. ის მტკიცებულებები, რომლითაც ახლა მედავებიან, 2018 წლის ზაფხულიდან აქვთ. თუ 2018 წელს ეს მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, ერთი წლის შემდეგ, როცა მე მაკავებენ, როგორ აკმაყოფილებს? შემთხვევის ადგილზე მოსაკლავად არავინ მისულა. აბიტურიენტი ვიყავი, კონფლიქტის ადგილზე ჩანთით მივედი. გამოვნახეთ საერთო ნაცნობი, მოვგვარდით იმაზე, რომ უნდა შევრიგებულიყავით. იქ არ ყოფილა ისეთი სიტუაცია, რომ ვინმეს დაჭრაზე ეფიქრა. სამწუხაროდ, დავით სარალიძემ დაძაბა ვითარება. საპირფარეშოს ინციდენტის შემდეგ, სარალიძემ დასვა არასწორი კითხვები და ამიტომ დაიძაბა ვითარება მასსა და გიორგი ჯანაშიას შორის. მე იქ ჯანაშიას დასახმარებლად ვიყავი. ჯანაშია ფართხალებდა და მე ვცდილობდი, სარალიძე მისგან მომეშორებინა, მაგრამ არა ტარით ან რაიმეთი. მე ვცდილობდი, სარალიძე ჩემზე წამოსულიყო და არა ჯანაშიაზე, მაგრამ ვერ მოვახერხე. ეს ამბავი არასოდეს დამავიწყდება. მთელი ცხოვრება მემახსოვრება და შავ ლაქადაც გამყვება“, – განაცხადა მიხეილ კალანდიამ

მიხეილ კალანდიას მტკიცებით, ის უდანაშაულოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები კი - ყალბი. მან პროკურორს მიმართა და ჰკითხა, არის თუ არა მზად, გაანალიზოს, რომ უდანაშაულო ადამიანს ციხეში უშვებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველანაირად სცადა, ყალბი მტკიცებულებები მოეპოვებინა. არ ვიცი, ვის რაში სჭირდებოდა. თუნდაც ციხეში ჩავჯდე, ამისთვის მზად ვარ, თუმცა ჩემი მთავარი მიზანი ის იქნება, რომ სიმართლე გაირკვეს. ყველა გაიგებს სიმართლეს. მთავარი ისაა, რომ შენ თავთან მართალი იყო“, – განაცხადა მიხეილ კალანდიამ.

შეგახსენებთ, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system