თავში

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები პროკურორის აცილებას ითხოვენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები პროკურორის აცილებას ითხოვენ
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები პროკურორის აცილებას ითხოვენ

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა პროკურორ გიორგი მუჯირის აცილება მოითხოვეს.

აღნიშნული შუამდგომლობის არგუმენტად მის მიერ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადება გახდა. ადვოკატ ნიკა გვარამიას განცხადებით, გიორგი მუჯირის განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

"ეს განცხადებები არ შეეხება ბრალდებას, ეს განცხადებები არის პოლიტიკური შინაარსის, ვინაიდან ხდება წინა პოლიტიკური კონტექსტის შეფასება და აქედან გამომდინარე უკვე გადადის საქმის მასალებზე. ანუ, რეალურად ეს არის პოლიტიკური და მორალური შეფასება მიხეილ სააკაშვილის, რისი უფლებაც არ გააჩნია ბრალდების მხარეს, კონკრეტულად ბატონ მუჯირს და ამიტომ, ვითხოვ მის აცილებას აღნიშნული პროცესიდან", — მიმართა გვარამიამ მოსამართლეს.

"როდესაც ხარჯებში შევდივართ და ახლაც იყო ხაზგასმა, რომ ეს არ არის პიჯაკის საქმე. კი, ამ პიჯაკის საქმეა, რომელიც ამ დარბაზშია ახლა, ეს არის ერთ-ერთი ექვსიდან, რომლისთვისაც პრეზიდენტს ასამართლებთ.

თქვენ ამ საქმეში ხარჯები დიფერენცირებული არ გაქვთ. თქვენ ამ საქმეში თაიგულებზე ასამართლებთ პრეზიდენტს და თუ გაქვთ სამართლებრივი კომპეტენცია, მაშინ კეთილი გენებათ და გეთქვათ, ბოტოქსებზე აქვს ბრალდება წარდგენილი და არა პიჯაკებზე, არა თაიგულებზე... მაგრამ ეს არ გაგიკეთებიათ და იცით რატომ? სამართლებრივი თვალსაზრისით, ხარჯების თვალსაზრისით, იქნება ეს ბოტოქსი, თუ პიჯაკები, იყო აბსოლუტურად იდენტური...

ამიტომ ვართ პოლიტიკურ პროცესზე და არა სამართლებრივზე და ამიტომ წარმოადგენთ თქვენ პროპაგანდას და არა სამართლებრივ ბრალდებას " - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.

აღნიშნული შუამდგომლობის დაყენებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. 

ცნობისთვის, ერთ-ერთ სატელევიზო ეთერში პროკურორმა გიორგი მუჯირმა თქვა: 

„მათ სურთ, აღქმა გააჩინონ, რომ მხოლოდ პიჯაკებზე და სამგლოვიარო თაიგულის გამო სამართლდება სააკაშვილი. მათ დისკომფორტს უქმნის საქმეში ის უამრავი დანახარჯი, რაც არსებობს. ფაქტია, რომ საჯარო ინტერესი არის დიდი. ჩვენ გვიწევს განმარტებების გაკეთება და ჩემი მხრიდან რომ საქმის მასალებიდან მოხდა ფაქტის დემონსტრირება, რომ 26 მაისის შემდეგ რამდენიმე თვეში ვიზიტიც არ ჰქონდა და იღებდა ფუფუნების საგნებს, ეს თუ მორალურად უქმნით დისკომფორტს, ეს არ ნიშნავს, რომ მე უნდა ამეკრძალოს, დავასახელო ეს ფაქტები. ეს არ არის ის, რომ ჩემი განცხადებები მოტივირებულია პოლიტიკურად. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად რატომ სამართლდება მიხეილ სააკაშვილი და არა პიჯაკები, რაც მთლიანი თანხის 0.5 პროცენტია“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system