თავში

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლო სხდომა დატოვეს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლო სხდომა დატოვეს
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლო სხდომა დატოვეს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლო სხდომა დატოვეს. პროტესტის მიზეზი მოსამართლის უარი გახდა, პროცესზე დაეშვა მესამე პრეზიდენტის სხვა ადვოკატები - ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი.

ბექა ბასილაიამ მოსამართლეს მიმართა გამოეცხადებინა შესვენება და სხდომა გაგრძელებულიყო აღნიშნული ადვოკატების მონაწილეობით, რაზეც ნინო ელეიშვილმა უარი თქვა. მისი თქმით, დაწყებულ პროცესზე შესვლა უწყვეტობის პრინციპთან შეუსაბამოა. 

 ბექა ბასილაიას თქმით, დღევანდელ პროცესზე სასამართლომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება "არ არსებობს". როგორც ბასილაიამ აღნიშნა, მოსამართლემ სახელმწიფო უსაფრთხოების "მონაჭორზე" დაყრდნობით, გადაწყვიტა, პროცესები მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე წარმართოს.

"სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს. სასამართლომ თქვა,რომ არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით, მთავარია, მიხეილ სააკაშვილი არ იყოს სასამართლო დარბაზში. სასამართლომ თქვა, რომ სუს-ის მონაჭორზე, ცხვარიაშვილის გამონაგონზე დაყრდნობით, ის პროცესებს წარმართავს მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე. 

"მინდა მივმართო საზოგადოებას, მთელი 9 წლის მანძილზე გვკვებავდნენ მითით, რომ მიხეილ სააკაშვილს აგებინებდნენ პასუხს, გვკვებავდნენ მითით, როგორი საშიში იყო სააკაშვილი და დღეს ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გასამართლება. ჩვენ ვხედავთ, სასამართლო სისტემა როგორ არის აბსოლუტურად მოშლილი და რეაგირებენ მხოლოდ პიროვნულ, უმნიშვნელო საკითხებზე, მაგრამ გლობალურ, კანონდარღვევის საკითხებზე, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის საკითხებზე რეაქცია არ აქვთ", - თქვა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დღეს 1 საათის დაგვიანებით დაიწყო. სხდომას არ ესწრებიდა თავად ბრალდებული.

სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით არ ესწრება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განმარტებით, მიუხედეავად ტკივილებისა და საერთო სისუსტისა, მიხეილ სააკაშვილი მზად არის მოიკრიბოს ძალები და დაესწროს სასამართლო პროცესს, რის საშუალებასაც მას პენიტენციური სამსახური არ აძლევს. ამასთან, ბასილაია ამბობს, რომ პენიტენციურ სამსახურს კანონი არ აძლევს ამ გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ბასილაია ამბობს, რომ სააკაშვილი არის მხნედ და განწყობილია სასამართლო პროცესზე გამოსვლისთვის.

როგორც ბასილაიამ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტს არც კი შეატყობინეს, რომ პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით სასამართლოდან შესაბამისი მოთხოვნა იყო გაგზავნილი.

პროცესზე საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილი პროცესებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ან დაწესებულებიდან სასამართლოში დისტანციურად ჩაერთოს. რაზეც ადვოკატებმა უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ სააკაშვილი მზად არის პროცესს სასამართლო დარბაზში დაესწროს.

თავის მხრივ ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლეთა კოლეგიის ნინო ელიეშვილის, მაია ქოქიაშვილისა და ლია ორკოდაშვილი აცილება მოითხოვეს.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილი 41 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system