თავში

ვახტანგ რობაქიძეზე პოლიციელების შესაძლო ზეწოლაზე გამოძიება დაიწყო

ვახტანგ რობაქიძეზე პოლიციელების შესაძლო ზეწოლაზე გამოძიება დაიწყო
ვახტანგ რობაქიძეზე პოლიციელების შესაძლო ზეწოლაზე გამოძიება დაიწყო

პოლიციელების მხრიდან ვახტანგ რობაქიძის მისამართით, შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ report.ge-ს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განუცხადეს. 

უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო. 

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ რობაქიძე აცხადებს, რომ მასზე პოლიციის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა, რა დროსაც პოლიციის შენობაში ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა.

ანრი ოხანაშვილი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს და ვახტანგ რობაქიძის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე საუბრობს. 

ცნობისთვის, ინციდენტი 14 იანვარს ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოჯახთან ერთად ვახშმობდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

ვახტანგ რობაქიძეს ბრალად ედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

18 იანვარს მას ბრალი ხულიგნობის მუხლით დაუმძიმდა.

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ვახტანგ რობაქიძე "ქართულ ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო. ის 2019 წელს, რიგგარეშე არჩევნებში ზესტაფონის რაიონის მერის პოსტზე იყრიდა კენჭს.

ამჟამად ის მოძრაობა "ლელოს" წევრია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system