თავში

ავთანდილ წერეთელს პროკურატურამ სამკურნალოდ გამგზავრების ნება დართო

ავთანდილ წერეთელს პროკურატურამ სამკურნალოდ გამგზავრების ნება დართო
ავთანდილ წერეთელს პროკურატურამ სამკურნალოდ გამგზავრების ნება დართო

"თიბისი ბანკის" საქმეზე ბრალდებულ ავთანდილ წერეთელს გენერალურმა პროკურატურამ ავსტრიაში სამკურნალოდ გამგზავრების თანხმობა მისცა, - ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. 

ავთანდილ წერეთელი ავსტრიაში სამკურნალოდ 20 თებერვალს გაემგზავრა და იქ 10 მარტამდე დარჩება. 

როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, უწყებამ წერეთელს საზღვარგარეთ მკურნალობის ნებართვა 10 დღით, იანვარშიც დართო. 

შეგახსენებთ, TV პირველის მფლობელის, ვახტანგ წერეთლის მამა, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი, 6 თებერვალსაც, საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც შვილმა მამა სააბაზანოში, უგუნო მდგომარეობაში იპოვა. ვახტანგ წერეთლის თქმით, ავთანდილ წერეთელს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

ვატო წერეთელი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ის იმ სასამართლო პროცესებს უკავშირებს, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მისი თქმით, 70 წლის ადამიანს, რომელსაც არაერთი ოპერაცია აქვს გადატანილი და სისტემატიურ მკურნალობას საჭიროებს, თითქმის ყოველდღე უწევს სასამართლოში სიარული.

ცნობისთვის, 2019 წლის 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

პროკურატურა ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ავთანდილ წერეთელმა განაცხადა, რომ ის სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაოს გადახდას არ აპირებდა და გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა ავთანდილ წერეთლის სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. მოგვიანებით ბიზნესმენმა გირაო გადაიხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system