თავში

"ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას"- ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა

"ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას"- ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა
ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას- ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით, საქართველოს პროკურატურამ გაიზიარა მათი მოთხოვნა, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა და მას სისხლის სამართლის საქმეში ბრალი დაუმძიმდა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს.

მათი განმარტებით, ასევე გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

„დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას.

ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდა, ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა აღნიშნული ქმედებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძალადობის სისტემატურობისა და სიმძიმის შეფასებისას.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს დაინიშნა“,- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს აღკვეთის ღონისძიების სახედ 100 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ბასილაშვილმა გირაო გადაიხადა და ის ამ ეტაპზე თავისუფალია.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

ბასილაშვილის ყოფილი ცოლის მტკიცებით, სპორტსმენმა მასზე შვილის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა, ხოლო ყოფილი მამამთილი გარკვეული საგნით გამოეკიდა.

დოროყაშვილის ადვოკატის მტკიცებით, ბასილაშვილი მეუღლეზე სისტემატიურად ძალადობდა. მისივე თქმით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, როგორ ძალადობს ბასილაშვილი 21 მაისს მომხდარი ინციდენტის დროს ყოფილ მეუღლეზე.

ბასილაშვილის ოჯახმა განცხადება გაავრცელა და ძალადობის ფაქტი კატეგორიულად უარყო.

მოგვიანებით,ბასილაშვილმა თავად გაავრცელა განცხადება და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

იმავე დღეს განცხადებები გაავრცელეს ჩოგბურთის ფედერაციამ და საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა. მათ ძალადობა დაგმეს, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საზოგადოებას დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის არსებითი განხილვა16 ივლისს ჩაინიშნა.

ბასილაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას სახალხო დამცველი შეისწავლის.

ცნობისთვის, 9 ივნისს, საქალაქო სასამართლომ 9 საათიანი მსჯელობის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები ძალაში დატოვა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system