თავში

ნიკა გვარამია ნიკა მელიას ადვოკატი იქნება

ნიკა გვარამია ნიკა მელიას ადვოკატი იქნება
ნიკა გვარამია ნიკა მელიას ადვოკატი იქნება

ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის უფლებებს დაიცავს. 

დღეს ნიკა მელია ადვოკატებმა მოინახულეს, მათ შორის ნიკა გვარამიამ. 

როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა გვარამიამ განაცხადა, მელია თავს მხნედ გრძნობს.

,,ვინერვიულე, განვიცდიდი რომ შევდიოდი, ნიკა მელია არაა მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ის ჩემი მეგობარია. მაინტერესებდა როგორს ვნახავდი, ნიკა მელია არ მინახვს ციხეში და არ არის ეს მარტივი, მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. არის ძალიან მხნედ დასვენებული, გამოძინებული, იუმორით და არ აქვს დაკარგული ის რწმენა, რაც ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში.

მან კარგად იცის საერთაშორისო გზავნილებიც და მისი პოზიციაა, რომ ყინული დაიძრა და გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. არავითარი გირაო, არავითარი ნიკა მელიას გათავისუფლებაც კი, ასე თქვა მან, არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებების საგანი. მოლაპარაკებების საგანი შეიძლება იყოს ამ ხელისუფლების წასვლა და ვადამდელი არჩევნები წელსვე", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, როგორც საქართველოს პროკურატურაში განაცხადეს, უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება მიმართოს სასამართლოს, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობა კვლავ შეიცვალოს გირაოთი.

დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად არ ცნო.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნადა მას პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე, კი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა. პროცესს თავად ბრალდებული არ ესწრებოდა.

პროცესზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, პარტიის ოფისთან, სპეციალური დანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მელიას პატიმრობა შეუფარდა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება რამდენიმე დღით გადადო.

საქართველოს პარლამენტმა 16 თებერვალს ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს თუმცა არ გამოცხადდა. ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებდა, რომ დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებდა და თუ ვინმე მის ნაცვლად გადაიხდიდა, ეს იქნებოდა "ქართული ოცნების" მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია.

ნიკა მელია ამჟამად რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system