თავში

ნიკა გვარამია: განმამარტინეს, ბიძინა ივანიშვილის დამხობა რატომ არ ნიშნავს ხელისუფლების დამხობას

ნიკა გვარამია: განმამარტინეს, ბიძინა ივანიშვილის დამხობა რატომ არ ნიშნავს ხელისუფლების დამხობას
ნიკა გვარამია: განმამარტინეს, ბიძინა ივანიშვილის დამხობა რატომ არ ნიშნავს ხელისუფლების დამხობას

ბიძინა ივანიშვილის დამხობა რატომ არ არის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, ეს განმამარტინეს გამოკითხვაზე, რისთვისაც მრცხვენია, - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. გვარამია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.  

"მთავარი არხის" დამფუძნებლის თქმით, გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს,  რადგან საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს, თუმცა მიიჩნევს, რომ საქმეს გრიფით "საიდუმლო" სტატუსი აბსურდულად და კონსტიტუციის დარღვევით მიანიჭეს. 

"განგვიმარტეს, რომ საიდუმლო გრიფი ამ ეტაპზე გულისხმობს, რომ რა შეკითხვებიც დავსვით, ის არ გაახმოვანოთო, თუმცა, არაფერი გასახმოვანებელი არ არის. თვითონ შეგიძლიათ ივარაუდოთ, რა შეკითხვებს დასვამდნენ - რა ვიგულისხმე დამხობაში, რა ვიგულისხმე უზურპატორში, თუ არ იციან, რა ვიგულისხმე უზურპატორში, მაშინ საერთოდ რატომ დაიწყეს. განვმარტე ბიძინა ივანიშვილის დამხობა რატომ არ არის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა. ეს განმამარტინეს, რისთვისაც მრცხვენია, არ მეგონა, რომ ამის განმარტება ამ რეჟიმის დროსაც კი მომიწევდა. თუმცა, არ ესმით ალბათ გულწრფელად, რომ ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ხელისუფლება არ არის. ოფიციალურად მაინც," - განაცხადა დაკითხვიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ. 

გვარამიას თქმით, პროცესზე მან მოსამართლის აცილების საკითხი დააყენა. 

"მოსამართლის აცილების საკითხი დავაყენე, უფრო სწორად, მოვუწოდე თვითაცილებისკენ. ჩემი მისდამი გამონათქვამები გამოვაქვეყნე იმიტომ, რომ ის არის მოსამართლე, რომელმაც გააგრძელა ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ჩემს ოჯახზე თვალთვალის ღონისძიება. მე მასზე აგრესიული დამოკიდებულება გამოვთქვი და ვუთხარი, რომ გამოვიყენებდი ჩემს სასარგებლოდ ამ გარემოებას, თუ ჩავთვლიდი, რომ ჩემი უფლებები დაირღვა, ამიტომ ვუთხარი, რომ გადაწყვიტოს თვითონ აიცილოს თუ არა,“- აღნიშნავს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამიას დაკითხვის შემდეგ საქალაქო სასამართლოში პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამია დაიკითხა მოწმის სახით, ვინაიდან მას გააჩნია კონკრეტული ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. 

„რაც შეეხება კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებს შეეხებოდა დაკითხვა, ვინაიდან ამ საქმეს მინიჭებული აქვს გრიფი საიდუმლო, შესაბამისად, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. საქმეს, თუ რატომ დაედო გრიფი საიდუმლო, ამაზე რომ პასუხი გავცე, მომიწევს ფაქტობრივი მონაცემების გამჟღავნება, რისი უფლებაც კანონით არა მაქვს. თუ რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, თუ რა ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან საქმეს მინიჭებული აქვს გრიფით საიდუმლო. გრიფით საიდუმლო საქმეს ენიჭება კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, კონკრეტული მონაცემის გათვალისწინებით. ნიკა გვარამიას გააჩნდა კონკრეტული ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც იქნა დაბარებული მოწმის სახით“- განაცხადა პროკურორმა. 

თავად ნიკა გავარამია კი აცხადებს, რომ ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე მის მიერ დაწერილი "ფეისბუქ პოსტთან"დაკავშირებით იკითხება.

"მთავარი არხის" დამფუძნებელი გამოკითხვაზე სუს-ში იყო დაბარებული თუმცა მან უარი განაცხადა საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე და თქვა, რომ ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system