თავში

ნიკა მელიას ადვოკატები მოსამართლის აცილებას ითხოვენ

ნიკა მელიას ადვოკატები მოსამართლის აცილებას ითხოვენ
ნიკა მელიას ადვოკატები მოსამართლის აცილებას ითხოვენ

,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატები მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილებას ითხოვენ.

როგორც ისინი აცხადებენ, პარტიის ოფისთან, სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნიკა მელიას დაკავებას აპირებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმებია მობილიზებული. ეს მიუთითებს, რომ შსს აპირებს მის დაპატიმრებას. ვიდრე პროცესი არ დასრულდება, შსს-ს არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ნიკა მელიას დაკავებაზე და თქვენ არ იღებთ ამ გადაწყვეტილებას, უბრალოდ ახმოვანებთ. თქვენს მიმართაც არ აქვთ პატივისცემა, რომ დალოდებოდნენ თუნდაც გადაწყვეტილების გაჟღერებას. არსებობს გარემოება, რაც თქვენს დამოუკიდებლობას აყენებს ეჭვქვეშ და მოგმართავთ შუამდგომლობით, საქმე განიხილოს მოსამართლემ, რომელიც არ იქნება სხვების გამხმოვანებელი. გთხოვთ, აიცილოთ ეს საქმე“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით გუშინ მიმართა.

როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, პროკურატურა მელიას მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, ვინაიდან ეს პროპორციული ღონისძიებაა.

საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა და გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს, მხარი დაუჭირა.

პლენარულ სხდომამდე საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ხმა წინააღმდეგ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა მისცა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა.

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს თუმცა არ გამოცხადდა. მას გირაოს გადასახდელად დამატებით 1 კვირის ვადა მიეცა, რაც უკვე ამოიწურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system