თავში

ომბუდსმენი: გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება დაუსაბუთებელია

ომბუდსმენი: გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება დაუსაბუთებელია
ომბუდსმენი: გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება დაუსაბუთებელია

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებას და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაუსაბუთებელი დაკისრებით მოცემულ სიტუაციაში შესაძლოა დაირღვეს მხარეთა თანასწორობის უფლება. ამის შესახებ report.ge-ს ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს. 

„საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურა უფლებამოსილია, პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, რომ მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები. თუმცა, ამ უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოხდეს სისხლის სამართლის პროცესის უმთავრესი პრინციპების - შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უგულებელყოფის ხარჯზე. არსებული მექანიზმი გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ბრალდების წარდგენისას პროკურატურამ საზოგადოებას გააცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოძიებების ვერსია და აღნიშნულის შესაბამისი გრაფიკული რეკონსტრუქცია. ამ პირობებში ბუნებრივად, დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თანაბრად ისაუბროს საქმის მასალების შესახებ და საზოგადოებას აღნიშნულის შესახებ თავისი მოსაზრება და პოზიცია მიაწოდოს“ - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატებისთვის მსგავსი ვალდებულების დაკისრება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიზნებიდან.

„ეს იმ არასწორი პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც არაპირდაპირი გზით დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმის მასალების გასაჯაროების საკითხთან მიმართებით, უზრუნველყოს სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა მხარეს, მაქსიმალურად დაიცვან და პატივი სცენ სისხლის სამართლის საქმეთა ფარგლებში მონაწილე პირთა (მოწმეთა, დაზარალებულთა, ბრალდებულთა) უფლებებს.

12 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნული იყო, რომ გამოძიებამ ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა საქმის მასალების ჩაბარებაზე უარი თქვეს და მასალების გაუთქმელობაზე ხელი არ მოაწერეს. 13 აგვისტოს კი, ბრალდებულს სახაზინო წესით ადვოკატი დაუნიშნეს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system