თავში

ომბუდსმენი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ომბუდსმენი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, ციხეებში მონიტორინგი გართულდა და საფრთხის შემცველი გახდა. ლომჯარია აცხადებს, რომ ადგილი აქვს ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებზე მუქარასა და თავდასხმებს. 

„2020 წელს, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ციხეებში არაფორმალური მმართველობისა და კრიმინალური სუბკულტურის შესახებ სპეციალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდგომ, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არამარტო გართულდა, არამედ საფრთხის შემცველი გახდა. აღნიშნულმა განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო უკანასკნელი თვეების განმავლობაში, როდესაც დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ამ უკანონო ქმედებების მიზანია, პატიმრებთან მათი კომუნიკაციისა და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლა.

„მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდა: 2020 წლის 31 ოქტომბერს და შემდგომ, განმეორებით, 2021 წლის 14 იანვარს ქსნის N15 დაწესებულებაში, სადაც პატიმართა კონკრეტულმა ჯგუფმა სახალხო დამცველის თანამშრომლებს არ მისცა ჯერ საარჩევნო უფლების რეალიზების პროცესზე დაკვირვების, შემდგომ კი დაწესებულების ექიმთან გასაუბრების საშუალება. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც N15 დაწესებულების ერთ-ერთი პატიმარი რამდენიმე დღის წინ „კოვიდ-19“-ის გართულებებით გარდაიცვალა და არაერთი პატიმრის ოჯახის წევრმა მოგვმართა პატიმრების მონახულების თხოვნით.

2020 წლის 4 დეკემბერს და 2021 წლის 13 იანვარს გლდანის N8 დაწესებულებაში ერთი და იგივე პატიმარი დაემუქრა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს და ციხეში ვიზიტის შეწყვეტა მოთხოვა. N8 დაწესებულება დახურული ტიპის ციხეა და ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული პატიმარი ყოველთვის მაშინ გადაადგილდება ციხის კონკრეტულ ტერიტორიაზე, როდესაც ჩვენი თანამშრომლები დაწესებულებაში ვიზიტს ახორციელებდნენ.

რუსთავის N17 დაწესებულებაში 2021 წლის 13 იანვარს სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან აგრესიულად იქცეოდა პატიმართა კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც ასევე მოითხოვდნენ, რომ სახალხო დამცველს შეეწყვიტა ვიზიტები, ვინაიდან ციხეში „ყველაფერი კარგად იყო“.

გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ციხეებში ვიზიტების დროს ციხის ადმინისტრაციების მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ რეალური საფრთხე, სახალხო დამცველი განიხილავს პრევენციული მონიტორინგის ვიზიტების მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების ზომების პირობებში განხორციელების შესაძლებლობას, რაც ბუნებრივია, დააბრკოლებს პატიმართა უფლებების ეფექტიანად დაცვის ღონისძიებებს. ბუნებრივია, აპარატი გააგრძელებს ინდივიდუალურ შეხვედრებს პატიმრებთან.

მაშინ როდესაც პატიმართა დაახლოებით ნახევარი სასჯელს ნახევრად ღია (N14, N15 და N17) დაწესებულებებში იხდის, სამწუხაროდ, წლიდან წლამდე მცირდება იქიდან შემოსული მომართვები და განცხადებები. 2020 წელს შემოსული საერთო 1 384 განცხადებებიდან, მხოლოდ 57 იყო ზემოაღნიშნული სამი ციხის პატიმრების მიერ გამოგზავნილი. აღნიშნული ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენაა და პატიმართა უამრავი პრობლემა სამწუხაროდ არ ხმაურდება. სხვა ციხეებში ჩვენს მიერ გამოვლენილი დარღვევების ზოგადი აღწერაც კარგად წარმოაჩენს იმ პრობლემის მასშტაბებს, რომელსაც პატიმრები ყოველდღიურობაში აწყდებიან და რომლის გამოც მნიშვნელოვანია ჩვენი პროაქტიული მუშაობა ნახევრად ღია დაწესებულებებში“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ისინი ავლენენ პატიმართა მიმართ სავარაუდო ძალადობის შემთხვევებს და მიმართავენ საგამოძიებო უწყებებს ეფექტიანი გამოძიების წარმართვის მიზნით, შემდეგ კი ახდენენ საქმისა და პატიმრის უსაფრთხოების მონიტორინგს; ეხმარებიან პატიმრებს თვეობით და წლობით გაჭიანურებული სამედიცინო მომსახურებების მიღებაში; საუბრობენ დეესკალაციის ოთახებში კვირების განმავლობაში მოთავსების უკანონო და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკაზე, ასევე ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე; საუბრობენ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემის ხარვეზებზე, კომისიის გადაწყვეტილებების არათანამიდმევრულობასა და დაუსაბუთებლობაზე, პატიმრების საზიანოდ გამოთვლილ ვადებზე; ეხმარებიან პატიმრებს ხმა მიაწვდინონ შესაბამის უწყებებს, ავლენენ შემთხვევებს, როდესაც დაწესებულება „კარგავს“ გასაგზავნ წერილებს, ეხმარებიან პატიმრებს დაიბრუნონ უსაფუძვლოდ ჩამორთმეული ნივთები; ავლენენ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებისას უკანონო ფაქტებს, ხოლო პენიტენციურ სისტემაში მყოფი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის პირები, რომელთაც, მაგალითად, გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის გამო სასტიკი მოპყრობის შიში აქვთ, გარესამყაროს მხოლოდ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან ვიზიტის მეშვეობით უკავშირდებიან.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მივმართავთ: საქართველოს მთავრობას, მიიღოს მყისიერი ზომები ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად; საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დაუყონებლივ დააყენოს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისა და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი; საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გამოყენებით, შეისწავლოს ნახევრად ღია დაწესებულებების მართვის უკანონო მოდელი, რათა ყველა პატიმარს ჰქონდეს მათ პრობლემებზე და უფლებადარღვევებზე მიმართვის შესაძლებლობა შესაბამისი დაწესებულებებისთვის ან ორგანიზაციებისთვის; საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეშლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც წინადადება უკვე წარდგენილია პროკურატურაში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სახალხო დამცველი ინფორმაციას მიაწვდის გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტსა (SPT) და ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს (CPT), რათა მათ განახორციელონ საქართველოში ვიზიტი პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით.

ამავდროულად, გვსურს მივმართოთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორ ქვეყნებსა და დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ფინანსურ დახმარებას უწევენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს – ნახევრად ღია ტიპის ციხეებში არსებული მართვის მოდელი დაფუძნებულია პატიმართა არაფორმალურ იერარქიაზე, სადაც ე.წ. ციხის მაყურებლები ციხეებში უზრუნველყოფენ მოჩვენებით წესრიგს, რაც მიზნად ისახავს პატიმართა გაჩუმებასა და მათთვის პრობლემებზე საუბრის აკრძალვას. კრიმინალური სუბკულტურის გავლენის მასშტაბის, ამ პროცესში ადმინისტრაციის მონაწილეობისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დონორული მხარდაჭერა მოხმარდეს ამ სისტემის არსებით გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებას და არა არსებული მანკიერი მართვის მოდელის გაძლიერებას“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system