თავში

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე არ გადაიყვანს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით.

მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.

აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც, ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განმარტებით, მიუხედეავად ტკივილებისა და საერთო სისუსტისა, მიხეილ სააკაშვილი მზად არის მოიკრიბოს ძალები და დაესწროს სასამართლო პროცესს, რის საშუალებასაც მას პენიტენციური სამსახური არ აძლევს. ამასთან, ბასილაია ამბობს, რომ პენიტენციურ სამსახურს კანონი არ აძლევს ამ გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ბასილაია ამბობს, რომ სააკაშვილი არის მხნედ და განწყობილია სასამართლო პროცესზე გამოსვლისთვის.

როგორც ბასილაიამ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტს არც კი შეატყობინეს, რომ პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით სასამართლოდან შესაბამისი მოთხოვნა იყო გაგზავნილი.

ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილი 41 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system