თავში

პენიტენციური სამსახური მარიამ კუბლაშვილს პასუხობს

პენიტენციური სამსახური მარიამ კუბლაშვილს პასუხობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ N18 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს მედპერსონალი ყურადღებას არ აქცევს.

"ერთ-ერთ ჩემს კლიენტს, რომელსაც ერთი ფეხი მოკვეთეს იქვე და ახლა მეორე ფეხის მოკვეთის საშიშროების წინაშეა, წამალსაც არ აწვდიან გამაყუჩებელს",- წერს ადვოკატი კუბლაშვილი სოციალურ ქსელში.

კუბლაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პატიმარს, რომელსაც სავარაუდოდ, კუბლაშვილი გულისხმობს, სათანადო მკურნალობა უტარდება. 

"სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე.მსჯავრდებულ ე.კ.-ს, რომელსაც სავარაუდოდ გულისხმობს ადვოკატი, საჭიროებიდან გამომდინარე სათანადო მკურნალობა უტარდება (ისევე, როგორც ყველა სხვა პატიმარს) და შეთავაზებული აქვს ყველა შესაბამისი სამედიცინო სერვისი. კერძოდ, მსჯავრდებული ე.კ. N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში 2020 წლის 25 მაისს მოთავსდა დიაგნოზით: ქვემო ¬კიდურების არტერიების ათეროსკლეროზი; ანგიოქირურგიული ჩარევების შემდგომი მდგომარეობა; მარცხენა ქვემო კიდურის მუხლზედა ამპუტაციის შემდგომი მდგომარეობა; კიდურის ფანტომური ტკივილები; შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, ინსულინმომხმარებელი; ტრემორი; მიოკარდიუმის გადატანილი ძველი ინფარქტი, და მკურნალობის კურსს ახლაც გადის.მსჯავრდებულ ე.კ-ს N18 დაწესებულებაში მოთავსებამდეც მრავალჯერ გაწია სამედიცინო მომსახურება სამოქალაქო სექტორის არაერთ კლინიკაში. კერძოდ, 2018 წელს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინოს ცენტრში ჩაუტარდა ჯერ მარჯვენა ქვედა კიდურის მაგისტრალური არტერიების სტენტირება და შემდგომ მარცხენამხრივი ბარძაყ-მუხლქვეშა შუნტირება და მარცხენამხრივი მუხლქვეშა არტერიის პლასტიკა. ასევე 2019 წელს შპს „ავერსის“ კლინიკაში ჩაუტარდა ბარძაყ-მუხლქვეშა და ბარძაყ-ტიბიალური შუნტის ამოკვეთა. 2019 წლის 16 ოქტომბერს საჭირო გახდა მარცხენა ქვემო კიდურის მუხლზედა მიოპლასტიური ამპუტაცია. ხოლო 2020 წლის 20 მაისს მსჯავრდებულ ე.კ.-ს კლინიკა „ვივამედში“ გაუკეთდა მარჯვენა თეძოს საერთო და გარეთა არტერიის სტენტირება, თრომბენდარტერექტომია, ბარძაყის არტერიის პლასტიკა. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულ ე.კ. სისტემატიური მკურნალობის კურსს გადის ანგიოქირურგის, ენდოკრინოლოგის და ნევროპათოლოგის დანიშნულების საფუძველზე. ამასთან, მსჯავრდებული N18 სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე იქნა გაყვანილი გამოკვლევებისთვის სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა კლინიკაში. ბოლოს 2020 წლის 20 ოქტომბერს მას კლინიკა“ვივამედში“ გაეწია ნევროპათოლოგის კონსულტაცია და დაესვა დიაგნოზი: კიდურის ფანტომური ტკივილები. მსჯავრდებულს ე.კ -ს დაენიშნა და ამ ეტაპზე მიეწოდება შესაბამისი თერაპია (თიოგამა, დულოქსეტინი, დიკლოფენაკი და სხვა სიმპტომური ანალგეზიური მედიკამნეტები), გარდა ამისა უგრძელდება ინსულინოთერაპია და მიეწოდება ანტიკოაგულანტები. მსჯავრდებულისთვის 2018-2020 წლებში მხოლოდ სამოქალაქო სექტორის კლინიკებში ჩატარებული გამოკვლევები და ქირურგიული ჩარევები სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 66 537.5 ლარი დაუჯდა. ამ ციფრებიდან გამომდინარე ადვოკატის მხრიდან მედიკამენტების მიწოდებაზე საუბარი რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 7 სექტემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომ მსჯავრდებულს მარცხენა ქვედა კიდურის პროტეზი დაუმზადდეს. უახლოეს პერიოდში მსჯავრდებულს ეს მომსახურებაც მიეწოდება. შესაბამისად, რაიმე სახის უყურადღებობაზე ან სამედიცინო სერვისის არ მიწოდებაზე საუბარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია" - აღნიშნულია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system