თავში

პენიტენციური სამსახური პატიმრის ოჯახის ბრალდებებს პასუხობს

პენიტენციური სამსახური პატიმრის ოჯახის ბრალდებებს პასუხობს
პენიტენციური სამსახური პატიმრის ოჯახის ბრალდებებს პასუხობს

სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ პატიმარმა შვიდი ელემენტი გადაყლაპა და მას ქირურგიულ ჩარევაზე უარს ეუბნებიან, სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს.  

როგორც report.ge-ს უწყებაში განუცხადეს, პაციენტს მუცლის მიმოხილვით რენტგენოგრაფიაზე დაუფიქსირდა მრგვალი ფორმის ლითონის უცხო სხეული, თუმცა ჩატარებული კვლევების შედეგად, ქირურგიული ჩარევის საჭიროება არ გამოვლინდა და პაციენტი იმავე დღეს გაეწერა კლინიკიდან. 

2019 წლის 29 დეკემბერს მსჯავრდებულმა ბ.წ.-მ მიმართა ექიმს ტკივილით მუცელში; ადგილზე ჩაუტარდა ქირურგის კონსულტაცია. დაისვა წინასწარი დიაგნოზი: მწვავე აპენდიციტი და გაიცა რეკომენდაცია სტაციონარში მოთავსებაზე. მსჯავრდებული გადაყვანილი იქნა „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში“, სადაც 2019 წლის 29 დეკემბერს ჩაუტარდა აპენდექტომია.

მეორე დღეს, 2019 წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული მისივე კატეგორიული მოთხოვნით გამოეწერა კლინიკიდან, რეკომენდირებული იყო N18 სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობის გაგრძელება, თუმცა მსჯავრდებულმა ამაზე უარი განაცხადა და დაბრუნდა N8 დაწესებულებაში.

2019 წლის 31 დეკემბერს ადგილზე ჩაუტარდა ქირურგის კონსულტაცია. განმეორებით გაიცა რეკომენდაცია N18 სამკურნალო დაწესებულებაში პოსტოპერაციული მკურნალობის ჩატარების საჭიროებაზე. რაზეც მსჯავრდებულმა კვლავ უარი განაცხადა (შედგა შესაბამისი აქტი).

2020 წლის 1 იანვარს მსჯავრდებული მუცელში ტკივილის გამო გადაყვანილი იქნა „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში“. დაესვა დიაგნოზი: აპენდექტომიის შემდგომი მდგომარეობა. დაენიშნა და ჩაუტარდა ანტიბაქტერიული და სიმპტომური თერაპია, ადგილობრივად - შეხვევები.

ქირურგის რეკომენდაციით, კვლავ მოხდა პაციენტის გადაყვანა კლინიკაში, სადაც 2020 წლის 5-დან 15 იანვრის პერიოდში ჩაუტარდა თერაპია. დაესვა დიაგნოზი: პოსტოპერაციული ჭრილობის სუპურაცია-დაჩირქება; აპენდექტომიის შემდგომი პერიოდი;

2020 წლის 15 იანვარს მსჯავრდებული გაეწერა კლინიკიდან N18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც დარჩენაზე და მკურნალობაზე კვლავ უარი განაცხადა (შედგა აქტი). თუმცა N8 დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ მსჯავრდებულმა კვლავ აღნიშნა ტკივილი ნაოპერაციებ არეში და იმავე დღეს 23:10 საათზე მოთავსდა სამკურნალო დაწესებულებაში, საიდანაც 2020 წლის 16 იანვარს გამოეწერა საკუთარი განცხადების საფუძველზე.

2020 წლის 17 იანვარს მსჯავრდებულს ადგილზე გაეწია ქირურგის კონსულტაცია. ამასთან, ყოველდღიურად მიმდინარეობს ჭრილობის დამუშავება-შეხვევა.

2020 წლის 18 იანვარს პაციენტმა გადაყლაპა ლითონის უცხო სხეული („ელემენტი“). რის შემდეგაც მასზე ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს დინამიური მეთვალყურეობა. 2020 წლის 19 იანვარს მას ჩაუტარდა სისხლის საერთო ანალიზი და გაეწია ქირურგის კონსულტაცია - მწვავე ქირურგიული პათოლოგია გამოირიცხა. 2020 წლის 21 იანვარს მუცლის მიმოხილვით რენტგენოგრაფიაზე დაფიქსირდა მრგვალი ფორმის ლითონის უცხო სხეული.

2020 წლის 22 იანვარს ქირურგის რეკომენდაციით საჭიროდ ჩაითვალა კვლევების ჩატარება სტაციონარში, რის გამოც 2020 წლის 23 იანვარს მსჯავრდებული გადაყვანილი იქნა „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში“. ჩატარებული კვლევების შედეგად, ქირურგიული ჩარევის საჭიროება არ გამოვლინდა და პაციენტი იმავე დღეს გაეწერა კლინიკიდან, რეკომენდაციით - დინამიკაში დაკვირვება.

2020 წლის 25 იანვარს კვლავ ჩატარდა საკონტროლო კვლევები და ქირურგის კონსულტაცია N18 დაწესებულებაში. რენტგენოგრამაზე უცხო სხეული არ აღენიშნა. ვინაიდან მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ კვლავ გადაყლაპა უცხო სხეული, დაიგეგმა ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია. 2020 წლის 28 იანვარს მსჯავრდებულის თანხმობის საფუძველზე მოხდა მისი გადაყვანა N18 დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდა მუცლის მიმოხილვითი რენტგენოგრაფია. გამოკვლევის შედეგად გავის ძვლის პროექციაზე კვლავ გამოვლინდა უცხო სხეულები; რაც შეეხება დაგეგმილ ეზოფაგოგასტროსკოპიას, მსჯავრდებულმა უარი განაცხადა მის ჩატარებაზე (შედგა შესაბამისი აქტი). ქირურგის კონსულტაციის მიხედვით, ამ ეტაპზე მწვავე ქირურგიული პათოლოგია გამოირიცხა; გაიცა რეკომენდაცია: დინამიური მეთვალყურეობა (ვინაიდან უცხო სხეულები კუჭიდან ნაწლავშია გადასული და ფიზიოლოგიური გზით გამოიდევნება) და სპაზმოლიზური თერაპია (საჭიროებისას).

ამჟამად მსჯავრდებული იმყოფება პირველადი ჯანდაცვის გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ, მიმდინარეობს ქირურგიული მეთვალყურეობა, მსჯავრდებულთან მუშაობს მულტიდისციპლინარული გუნდი - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system