თავში

პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა

პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა
პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე 24 საათის ფარგლებში უნდა იმსჯელოს.

„შუამდგომლობა ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიების – პატიმრობით შეცვლასთან დაკავშირებით უკვე ჩაბარებულია სასამართლოში. ჩვენი პოზიცია არის დასაბუთებული და კანონიერი, რადგან სისხლის სამართლებრივ სივრცეში ბრალდებულის მიმართ გამოყენებული კანონისმიერ გამოყენებულ ღონისძიებებს მის სათანადო ქცევაზე არასაკმარისი ეფექტი ჰქონდა. მხედველობაში ვიღებთ, რომ ბრალდებულმა არ გადაიხადა გირაო, არ შეასრულა სასამართლოს განჩინებები და დაკისრებული ვალდებულებები. ერთადერთი ღონისძიება, რაც სისხლის სამართლებრივ სივრცეში მის სათანადო ქცევასა და პროცესის მიზნების შესრულებას უზრუნველყოფას მოახდენს, რჩება პატიმრობა და აქედან გამომდინარე, შევიტანეთ ეს დასაბუთებული შუამდგომლობა. დაველოდებით სასამართლოს სხდომას, რომელზეც ყველასთვის ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება. 24-საათიანი ვადა აქვს სასამართლოს, შეიძლება იყოს დღეს, შეიძლება იყოს ხვალ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა.

პლენარულ სხდომამდე საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ხმა წინააღმდეგ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა მისცა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა.

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს თუმცა არ გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system