თავში

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში დანაშაულის დაფარვის მუხლით დაკავებულ ორ პირს - შ.წ.-ს და ზ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი იძებნებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, ის ავტომობილით სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს.

"გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ შ.წ.-მ და ზ.წ.-მ იცოდნენ, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, 2021 წლის 29 სექტემბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, ბრალდებულებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას - სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს.

აღნიშნულის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა თბილისში და დაბინავდა ე.ც.-ს მიერ დროებით საცხოვრებლად გადაცემულ ბინაში. 2021 წლის 1 ოქტომბერს, აღნიშნულ მისამართზე მოხდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დაკავება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, ფოთის პორტის ორი თანამშრომელი, მამა-შვილი შ.წ და ზ.წ დღეს დააკავეს

ასევე დაკავებულია იმ ბინის მეპატრონე, ელგუჯა ცომაია, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აიყვანეს.

სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ელგუჯა ცომაიამ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, თავისი აქტიური მოქმედებით, 2021 წლის 30 სექტემბერს მას დასამალად და დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მფლობელობაში არსებული თბილისში მდებარე ბინა.

ელგუჯა ცომაიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდა

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო უწყება მუშაობს საკუთარი მოქალაქის უკან დასაბრუნებლად.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის ყოველთვის ცდილობს უკრაინის მოქალაქეების უკან დაბრუნებას და ეს ეხება მიხეილ სააკაშვილსაც. მისი ინფორმაციით, უკრაინის საელჩო, ისე როგორც მთელი მინისტრთა კაბინეტი, მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ოქტომბერს ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ ბათუმში იყო.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმყოფებოდა.

მმართველი პარტიაში აცხადებდნენმ რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, ხოლო ბათუმში გადაღებული ვიდეოები ყალბია.

"ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

ნახეთ, სად და რა ვითარებაში დააკავეს მესამე პრეზიდენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system