თავში

პროკურატურა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ადვოკატმა ნიკა გვარამიამ პროკურორებს მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რაზეც დაიწყო გამოძიება, მორიგ სხდომაზე მოვითხოვთ სასამართლო დარბაზიდან მის გაძევებას, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 29 ნოემბერს გამართულ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვაში ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატად ჩაერთო ნიკა გვარამია.

სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სამართალწარმოების მონაწილეებს – პროკურორებს მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რაც იმ მომენტში სასამართლოსა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეების ყურადღების მიღმა დარჩა. თუმცა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ტრანსლირებისას საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეოკადრების საფუძველზე, დღეს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გარდა ამისა, ადვოკატ ნიკა გვარამიას მხრიდან სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის გამო, ბრალდების მხარე, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ამ საქმის განხილვის მორიგ სხდომაზე, სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით და მოითხოვს ადვოკატ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებას.

ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, ნიკა გვარამიას ზემოაღნიშნული ქმედების სამართლებრივი შეფასებისა და მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system