თავში

პროკურატურამ მელაშვილისა და ილიჩოვას ბრალი დააზუსტა

პროკურატურამ მელაშვილისა და ილიჩოვას ბრალი დააზუსტა
პროკურატურამ მელაშვილისა და ილიჩოვას ბრალი დააზუსტა

კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალი დააზუსტა. როგორც პროკურორებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, დაზუსტებულია ბრალდებულთა მოტივაცია.

კერძოდ ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. 

"ბრალდების მხარემ შეძლო და მოიპოვა კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს ბრალდებულთა მიერ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას და ამ ქმედების განხორციელებისას ისინი მოქმედებდნენ მიღებული დავალებისამებრ", - განაცხადა პროკურორმა, გიორგი მუჯირმა. 

გიორგი მუჯირმა არ დააზუსტა, თუ ვისგან იღებდნენ დავალებებს ბრალდებულები, რადგან მისი განმარტებით, სისხლს სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს.

ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით კი, მისთვის უცნობია, თუ რას გულისხმობს ბრალდების მხარე როცა „ზემდგომი პირების“ დავალებებზე საუბრობს.

როგორც ის განმარტავს, ბრალდებაში ზემდგომი პირების ვინაობაზე, იდენტიფიკაციაზე არანაირი მინიშნება არ არის. 

„დღეს დაზუსტებულ ბრალდებაში ჩაემატა ორი სიტყვა - სხვისი დავალებით. თითქოს, სხვისი დავალებით ხორციელდებოდა ის მოქმედებები, რასაც ბრალდებულებს აქამდე ედავებოდნენ. ვისი დავალებით, რა მტკიცებულებებია და ა.შ. ჩვენთვის ამ ეტაპზე მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადებით და იმ ორი წერილობითი სიტყვითაა ცნობილი, რომელიც ბრალდებაშია ჩაწერილი. ამ ეტაპისთვის სხვა მტკიცებულებები არ გვაქვს, ციხეში რამე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ივერი მელაშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებას, მისთვის ყოველივე ეს მიუღებელია, ჩვენთვის არც აქამდე იყო საქმეში რამე მტკიცებულება და არც ახლა იქნება, რამე ისეთი, რაც ერთი მხრივ, ბრალდებას დაადასტურებს და მეორე მხრივ, რაიმე ფორმით ამ ადამიანების მხრიდან ვინმესთან კავშირს დაადასტურებს, - განაცხადა მარიკაშვილმა.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system