თავში

პროკურატურას არ გამოუვა ჩვენი ჩამოშორება - რამიშვილი

პროკურატურას არ გამოუვა ჩვენი ჩამოშორება - რამიშვილი
პროკურატურას არ გამოუვა ჩვენი ჩამოშორება - რამიშვილი

თეონა თამაზაშვილი დღეს, მარი შარაშიძის საქმეზე გამოიკითხა, მაგრამ ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო იმაზე თუ რამდენად კვალიფიციურ კონსულტაციას ვაძლევდით ადვოკატები, - ამის შესახებ Report.ge-ს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

რამიშვილის თქმით, პოკურატურა რაც არ უნდა ეცადოს, ამ საქმიდან ადვოკატების ჩამოშორებას ვერ შეძლებს.

"თეონა თამაზაშვილის გამოკითხვა მოხდა მარი შარაშიძის საქმესთან დაკავშირებით. კითხვები ძირითადად ეხებოდა იმას თუ რა ურთიერთობა ჰქონდა მარი შარაშიძესთან, როდიდან დაიწყო მასთან კომუნიკაცია, იცნობდნენ თუ არა თამარი და მარიამი ერთმანეთს და ა.შ. ამასთან, მთელი აქცენტი იყო გაკეთებული ადვოკატებთან ურთიერთობაზე და რამდენად კვალიფიციურ კონსულტაციას ვაძლევდით ადვოკატები მას.

პროკურატურას არ გამოუვა ამ საქმიდან ჩვენი ჩამოშორება. ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავადასტურეთ და თეონა თამაზაშვილმაც თქვა, რომ რაც არ უნდა ეცადონ, ამ საქმეს ბოლომდე აუცილებლად მივიყვანთ. ჩვენ უკვე ვემზადებით სტრასბურგის სასამართლოსთვის", - განუცხადა Report.ge-ს მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე, გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი დაიკითხა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი ფიგურანტი გამოჩნდა, რომლის მტკიცებითაც თამარი მას სთხოვდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას რამე დაემართებოდა, დედამისისთვის მიეხედა.

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტზე სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლა და დაშინება მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურამ კი მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობდა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system