თავში

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პროკურატურამ დაკავებული 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო.

,,პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცალკე წარმოებად გამოიყოს სისხლის სამართლის საქმე ვ.ჩ-ს, ვ.მ.-ს, ა.გ.-ს, ნ.რ.-ს, გ.ტ.-ს, თ.ბ.-ს, ნ.ჟ.-ს, ი.მ.-ს, ს.ჩ.-ს, ი.წ.-სა და ს.გ.-ს მიერ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უკვე დევნადაწყებულ ეპიზოდებზე საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის შესაქმნელად ჩასატარებელი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები განსხვავდება, განზრახ მკვლელობის ეპიზოდთან მიმართებაში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისგან, ასევე აუცილებელია მკვლელობის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებისთვის მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ჩამდენ პირთა გამოვლენის მიზნით. მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ტარდება მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.

დღეის მდგომარეობით, უკვე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს პატიმრობაში მყოფი 11 პირის მიმართ, რომელთაც ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა. ამასთან, ბრალდებულად ცნობილი 6 არასრულწლოვანის საქმე არსებითი განხილვის მიზნით უკვე წარმართულია სასამართლოში.

პროკურატურის მიერ აღნიშნული სამართლებრივი პროცესუალური გადაწყვეტილების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდა გიორგი შაქარაშვილის ოჯახს. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას", - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system