თავში

პროკურორების აცილების შესახებ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

პროკურორების აცილების შესახებ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა
პროკურორების აცილების შესახებ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე პროკურორების აცილების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის განმარტებით, პროკურორის მიერ მედიით გავრცელებულ ინტერვიუში არ იკვეთება პოლიტიკური მიკერძოება, აღნიშნული განცხადება გაკიცხვის კატეგორიაში ჯდება და დაცულია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი.

ამასთან, მან გადაწყვეტილების გამოცხადებამდე პოლიტიკური მიკერძობის დეფინიციაზე ისაუბრა.

„დაყენებული იქნა საკითხი ერთ-ერთი პროკურორის საქმიდან ჩამოცილების თაობაზე, კონკრეტულ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში მის საჯარო გამოსვლასთან დაკავშირებით, რაც დაცვის მხარის ვერსიით, შეფასდა მიკერძოებად და პოლიტიკური მიკერძოების საყვედურით მოითხოვს დაცვის მხარე ერთ-ერთი პროკურორის საქმიდან ჩამოცილებას. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს, საზოგადოებისთვის რომ იყოს ცნობილი, თორემ ეს დავაში წარმოდგენილი მხარეებისთვის კარგად არის ცნობილი, ახლა მე რა სამართლებრივ შეფასებასაც მივცემ ამას.

ჯერ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რა არის მიკერძოება, შემდეგ რა არის პოლიტიკური მიკერძოება და კონკრეტული ეს სიტყვები ჯდება თუ არა პოლიტიკური მიკერძოების ფარგლებში. მაშასადამე, მიკერძოება გახლავთ გადახრა პირის სასარგებლოდ და საზიანოდ, რაც სამართალში ორივე შემთხვევაში დაუშვებელია. რაც შეეხება პოლიტიკურ მიკერძოებას, პოლიტიკური მიკერძოება გახლავთ ისეთი შემთხვევა, ამ შემთხვევაში რადგან ბრალდების მხარეზეა აპელირება, როდესაც პროკურორი სისხლის სამართლებრივ დევნას და ბრალდებას აფუძნებს არა მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე და შეიძლება, ამ დროს სამართლებრივი არგუმენტებიც იყოს, არამედ უპირატესად პოლიტიკურ მოტივაციაზე, პოლიტიკურ ნიშანზე, პოლიტიკურ საფუძველზე და სარჩულზე. შესაძლებელია, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი მხრივ წარიმართოს საერთოდ პოლიტიკური ნიშნით, რაც კლასიკური გაგებით პოლიტიკური დევნაა, ამავდროულად შესაძლებელია, არსებობდეს სამართლებრივი საფუძველიც დევნისა და ბრალდებისა, თუმცა პროცესში პროკურორმა გამოიჩინოს იმგვარი მიკერძოებულობა, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არათანაბარზომიერ მდგომარეობაში ჩააყენებს დევნის ადრესატებს. ამ შემთხვევაში, როგორც მე გავიგე, მართალი გითხრათ არ მაქვს ნანახი ეს სატელევიზიო სიუჟეტი და გითხარით კიდეც საწყის ეტაპზე, თუმცა დაცვის მხარემ მოგვასმენინა პროცესზე რამდენიმეწუთიანი ჩანაწერი, სადაც პროკურორი საუბრობს საქმესთან დაკავშირებით და ახსენებს ორ თარიღს. ერთი, როგორც გავიგე, ეს არის 26 მაისი და შემდეგ ეს გახლავთ კიდევ 13 ივნისი, თუ არ ვცდები.

მაშასადამე, მათგან ერთი თარიღი პოლიტიკურ აქტივობებთან დაკავშირებული თარიღია, მეორე წმინდად, ადამიანურად ტრაგიკული თარიღი, ხომ?! ახლა ამასთან დაკავშირებით მინდა, გითხრათ, რომ პროკურორი როდესაც ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას, ის მხოლოდ საქმის სამართლებრივ შეფასებას კი არ ნიშნავს, არამედ ბრალდების კომპონენტი მოიცავს მათ შორის გაკიცხვის ელემენტს. გაკიცხვის ელემენტი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მორალურ კატეგორიას და იქ, სიუჟეტში, რა თარიღებიც იყო ნახსენები და დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ამ თარიღების შემდეგ ასე ვთქვათ იმდროინდელ პრეზიდენტს შეეძლო თუ არა საზღვარგარეთ ასეთი მომსახურება მიეღო. ეს უკვე გადადის, კი ბატონო, შესაძლებელია, გარკვეულწილად სცილდებოდეს კიდეც სამართლებრივ ფაქტებს იმ თვალსაზრისით, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს თითქოს აღარ ეხება, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ მორალურ სფეროში გადადის და ამით ხაზი გაესვა იმას, რომ ამ თარიღების შემდეგ, ვთქვათ, პრეზიდენტს უნდა მიეცა თუ არა თავის თავისთვის ამის უფლება, რომ ასეთი მომსახურება მიეღო. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მორალურ სფეროში გადასული საკითხი და აქ პოლიტიკური მიკერძოება გამოვლენილი ნამდვილად არ არის. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ამ შემთხვევაში დაცულია. მაშასადამე, მოთხოვნა აცილებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა“, – განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკშვილის ადვოკატებმა პროკურორების აცილების შუამდგომლობა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააყენეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system