თავში

პროკურორი: ვადასტურებ, რომ ბასილაშვილის მამას შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი

პროკურორი: ვადასტურებ, რომ ბასილაშვილის მამას შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი
პროკურორი: ვადასტურებ, რომ ბასილაშვილის მამას შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი

დაკავებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორის, ნათია გურულის განცხადებით, სასამართლომ გირაოს შეფარდებით, ბრალდების მხარის პოზიცია ნაწილობრივ გაითვალისწინა. 

"ბრალდების მხარემ წარადგინა მკტიცებულებათა ერთობლიობა და ამ მტკიცებულებების საფუძველზე მოითხოვა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოყენებულიყო აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა. სასამართლომ ნაწილობრივ გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია და მას გირაო შეუფარდა, თუმცა, სასამართლო არ დაგვეთანხმა თუმცა გარემოებაში, რომ არსებობდა მაღალი რისკები ჩადენილიყო ახალი დანაშაული, ასევე განადგურებულიყო მტკიცებულება, ან მომხდარიყო ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმალვა. თუმცა, ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაგებული ისე, თითქოს სასამართლომ ჩათვალა, რომ მტკიცებულებები არ არსებობდა. სასამართლომ იხელმძღვანელა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით და დაადგინა, რომ რეალურად არსებობდა ფაქტობრივი საფუძველი, მტკიცებულებათა ერთობლიობა" - განაცხადა პროკურორმა.

ნათია გურულის ინფორმაციით, ბასილაშვილს გირაო აქვს შეფარდებული 100 ათასი ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით და გადახდის ვადად დაუწესდა 30 დღე. მისივე ცნობით, საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება და წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს ჩაინიშნა. პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე აღნიშნულ სხდომამდე ყველა მტკიცებულებას მოიპოვებს. 

ამასთან, პროკურორ ნათია გურული ადასტურებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შემაკავებელი ორდერი ბასილაშვილის მამის მიმართაც გამოიწერა, თუმცა მისი ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელებას თავად დაზარალებული არ აღიარებს და ბრალი მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილის ედება არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრზე ძალადობისთვის.

„ფაქტს, რომ მამას გამოწერილი აქვს შემაკავებელი ორდერი ვადასტურებთ, თუმცა მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელებას თავად დაზარალებული არ აღიარებს. ბრალდება წარდგენილია ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ოჯახური ძალადობისთვის არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. 16 ივლისს საქმეზე ჩაინიშნა წინასასამარლო სხდომა და ბრალდების მხარე წინასასამართლო სხდომამდე მოიპოვებს ყველა მტკიცებულებას და მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია გურულმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს აღკვეთის ღონისძიების სახედ 100 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. 

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system