თავში

ყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა - დაკავებულის ადვოკატი

ყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა - დაკავებულის ადვოკატი
ყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა - დაკავებულის ადვოკატი

წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის, ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი გიორგი ჭოჭუა აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მოფს ყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა. ამის შესახებ მან დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებასთან, დაკავებულის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ და ის დუმილის უფლებით სარგებლობს.

„ჯერჯერობით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს. სხვა არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს. მას არ სურს საუბარი, ხვალ შევხვდებით ალბათ და დეტალურად გავისაუბრებთ. საქმის მასალები იქნება ხვალ.

როგორც ვიცი, ყველა მძევალი კარგად არის, არავისზე ზეწოლა არ მოუხდენია. მოთხოვნებზე მითხრა, რომ მისი მოთხოვნები იყო, დაეწიათ საბანკო პროცენტები, გაუქმებულიყო აზარტული თამაშები და იყო მესამე მოთხოვნაც. მე და ირმა ჭკადუა ვართ მისი ადვოკატები.

ის ყუმბარა იყო სანთებელა, ყუმბარის ფორმის სანთებელა, რომელიც შეიძინა. ეს სანთებელა რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა, იყო მხოლოდ და მხოლოდ სანთებელა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, შეკითხვაზე, იყო თუ არა ლევან ზურაბაშვილი ფხიზელ მდგომარეობაში, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ის ფხიზელი იყო.

ცნობისთვის, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკრო საფინანსო ორგანიზაცია შეჭრილ პირს, 9 მძევალთან ერთად ყუმბარით ხელში, დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ბრალი დაუმძიმდა.

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის მუხლებით დაიწყო, ხოლო მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი დააკავა, შსს-ს განცხადების თანახმად, ლ.ზ.-ს ყაჩაღობის მუხლი მოეხსნა და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თავდამსხმელი, რომელიც საფინანსო ორგანიზაცია "ბიზნეს კაპიტალში" შეიჭრა, 1989 წელს დაბადებული ლევან ზურაბაშვილია. ზურაბიშვილი, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დაახლოებით 16:30-ზე შევიდა, როცა შენობაში 11 ადამიანი იმყოფებოდა. მან 2 ადამიანი მალევე გაათავისუფლა, 9 მძევალთან ერთად კი, შენობაში დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

მან საკუთრ ფეისბუქის გვერდზე პირდაპირი ეთერი ჩართო და მაყურებლებს მოუწოდა, ტელევიზიებისთვის ხმა მიეწვდინათ. მას აღნიშნული "ლაივი" გაეთიშა, რის შემდეგაც, პირდაპირი ეთერის ჩართვა მძევალს სთხოვა.

თავდამსხმელი სამ მოთხოვნას ასახელებდა: გაუქმდეს აზარტული თამაშები, 7 პროცენტამდე შემცირდეს საპროცენტო განაკვეთი სესხებზე, შემცირდეს წამლების ფასი. მისი თქმით, დეპუტატები პარლამენტში უნდა შევიდნენ და აღნიშნული ცვლილებები იქედან განახორციელონ.

აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელს მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ თანხა არ მოუთხოვია და არც ნიღაბი ეკეთა.

თავდამსხმელმა მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა. მძევლების გათავისუფლებას წინ უძღოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მოლაპარაკებები მასთან.

საბოლოოდ, ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა, დამნაშავე კი დააკავესდა ის უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system