თავში

რა დადგინდა მანქანის ექსპერტიზის შემდეგ - პროკურატურის განცხადება

რა დადგინდა მანქანის ექსპერტიზის შემდეგ - პროკურატურის განცხადება
რა დადგინდა მანქანის ექსპერტიზის შემდეგ - პროკურატურის განცხადება

საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ მორიგ განმარტებას აკეთებს და განცხადებას ავრცელებს.

,,თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზის ფარგლებში, 2020 წლის 31 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერება ჩატარდა, რაშიც მონაწილეობას ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები, ,,ჰიუნდაი აუტო საქართველოს“- წარმომადგენელი და ოჯახის ადვოკატი იღებდნენ.

ნივთმტკიცების გახსნა-დათვალიერების ფარგლებში დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი Hyundai Accent-ის მარკის ავტომანქანა აღჭურვილი იყო არაქარხნული წესით დამონტაჟებული ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების ფუნქციით, რაც იმართება ე.წ ,,პულტით“, დათვალიერებით სხვა დამატებითი ელექტრო მოწყობილობა ვერ იქნა აღმოჩენილი. ასევე დადასტურდა, რომ ავტომანქანის ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების მოწყობილობა, სამუხრუჭე სისტემა და კონდიცირება გამართულად მუშაობდა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების ცნობით, ავტომანქანის ვიზუალური და კომპიუტერული დათვალიერებით დადგინდა, რომ იგი არ არის აღჭურვილი GPS ან სხვა მსგავსი მოწყობილობით.

,,ავტომანქანას არ აღმოაჩნდა მექანიკური დაზიანების კვალი, რაც გამოიწვევდა ზეთის ან ბენზინის დაღვრას და შესამჩნევი გახდებოდა, როგორც ადგილმდებარეობის, ასევე ავტომანქანის ვიზუალური დათვალიერებით. ამასთან, ექსპერტების მიერ, ადვოკატის მონაწილეობით, დათვალიერდა ავტომანქანის საბურავები, რის შედეგადაც ბუქსირების, გათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი", - აცხადებენ პროკურატურაში.

რაც შეეხება ავტომობილთან დაკავშირებულ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა ინფორმაციას, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system