თავში

რა კავშირი აქვს მკვლელობის საქმესთან ე.წ. კანონიერ ქურდ ლაშა ბარათელს

რა კავშირი აქვს მკვლელობის საქმესთან ე.წ. კანონიერ ქურდ ლაშა ბარათელს
რა კავშირი აქვს მკვლელობის საქმესთან ე.წ. კანონიერ ქურდ ლაშა ბარათელს

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის მასალებში გავლენიანი "კანონიერი ქურდის" სახელი ფიგურირებს.

"კურიერის" ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მკვლელობის დამკვეთმა, რომლის ვინაობაც, ოფიციალურად, ჯერჯერობით, უცნობია, შემსრულებლების მოძიებაში დახმარება უცხოეთში მცხოვრებ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს სთხოვა. დანაშაულის სისრულეში მოყვანისთვის დამკვეთმა 20 000 დოლარი გადაიხადა.

ესპანეთში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ლაშა ბარათელი, მეტსახელად "ჭია" მკვლელობასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. 

მოკლე სატელეფონო ინტერვიუში "კანონიერი ქურდი" ამბობს, რომ მისთვის უცნობია, თუ როგორ აღმოჩნდა მისი სახელი ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმის მასალებში.

დაკავებულების კავშირს ე.წ. კანონიერ ქურდთან ადასტურებენ ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრები. ბექა ლატარიას ახლობლების თქმით, ბრალდებული კრიმინალურ ავტორიტეტ ლაშა ბარათელს ბავშობიდან იცნობს.

ვინ სთხოვა ლაშა ბარათელს შემსრულებლების მოძიება, ამ საქმეზე გამოძიება ცალკე წარმოებად გამოიყო.

გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე პირველივე დღიდან მუშაობს. 

ანასტასია შატალოვა თბილისში სამი დღის წინ მოკლეს. მას ოთხი ტყვია აქვს მოხვედრილი. თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელობის მომენტში ქალი გარბოდა და შველას ითხოვდა. სასტიკი დანაშაულის საქმეზე 3 პირია დაკავებული.

თბილისში, კამანის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი ანასტასია შატალოვა, ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს, ზურაბ ბერიძეს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა. ანასტასია შატალოვა აცხადებდა, რომ ბერიძემ ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და დედას აღარ აჩვენებდა.

როგორც შატალოვა სხვადასხვა სატელევიზიო შოუებსა და ინტერნეტგამოცემებთან ჰყვებოდა, ბერიძე მას ცოლად მოყვანას შეჰპირდა, თუმცა, ბავშვის გაჩენის შემდეგ ექს-მაღალჩინოსანი პირველ მეუღლეს დაუბრუნდა, მას კი ახალშობილი წაართვა.

თუმცა მოგვიანებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლომ შვილი დედას დაუბრუნა, ზურაბ ბერიძესა და შატალოვას შორის ურთიერთობა დალაგდა და ბერიძე შვილის სანახავად 25 წლის ქალთან ხშირად დადიოდა.

მკვლელობის დღეს ბათუმის ყოფილი ვიცე მერის, ზურაბ ბერიძის ბინაში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ჩხრეკის პროცესს ადვოკატთან ერთად ესწრებოდა თავად ბერიძე. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომხდართან კავშირი არ აქვს და თავადაც შეძრულია ტრაგედიით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system