თავში

რა მტკიცებულებებს შეიცავს მეგი ბაქრაძის ტელეფონი

რა მტკიცებულებებს შეიცავს მეგი ბაქრაძის ტელეფონი
რა მტკიცებულებებს შეიცავს მეგი ბაქრაძის ტელეფონი

გარდაცვლილი ექთნის, ოჯახის ადვოკატებმა სამართალდამცავ უწყებას მეგი ბაქრაძის პირადი ტელეფონი გადასცეს.

ადვოკატების თქმით, მობილური ტელეფონი მნიშვნელოვან მტკიცებულებას შეიცავს.

"ნივთმტკიცება - მობილური ტელეფონი თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს ძალიან სერიოზულ მტკიცებულებას ამ სისხლის სამართლის საქმეში, ჭეშმარიტების დადგენის მიზნებისთვის. ჩვენ მივმართეთ საგამოძიებო უწყებას, საგამოძიებო უწყება დაინტერესდა აღნიშნული მობილური ტელეფონით და ამოიღო ადვოკატებისგან წარმოდგენილი მტკიცებულება. 

ამ ტელეფონში არსებობს კომუნიკაცია, რომლის ფარგლებში გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ზუსტ ინფორმაციას ფლობენ, თუ რატომ გარდაიცვალა მეგი და რა მოხდა რეალურად. კომუნიკაცია არის გარდაცვალების შემდეგ, სამსახურეობრივი ჩათია. ძალიან ბევრი მესიჯი წაშლილია და შემდეგ არის მიწერილი, „ჩვენ ხომ მაინც ვიცით რეალურად რა მოხდა“. ამ ტელეფონს გამოძიებას დღეს გადავცემთ. გამოძიებამ უნდა შეისწავლოს ტელეფონიც, გამოკითხოს მოწმეებიც და დაადგინოს, რა მოხდა ზუსტად“, - განაცხადა ადვოკატმა.

ვახტანგ ბარამაშვილი მიიჩნევს, რომ გამოძიებამ სავარაუდო მოწმეები უნდა გამოკითხოს და რეალური სურათი დადოს. ამასთან, ადვოკატის თქმით, გამოძიებამ უნდა დაიწყოს მოკვლევა სამედიცინო დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბების ფაქტის შესახებ.

„უკვე 5 დღეა, რაც პროკურატურისგან არ მიგვიღია ინფორმაცია მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ და არც არანაირი დოკუმენტი. პროკურატურის განცხადებით, ისინი დღეს გადმოგვცემენ მათ ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციას. ეკატერინე ტიკარაძის განცხადების საფუძველზე, მოლოდინი გვაქვს, რომ დღეს ასევე გვეცოდინება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და რეგულირების სააგენტოს შუალედური დასკვნები. პირველ რიგში კი, გვეცოდინება მეგის გარდაცვალებასთან დაკავშირებული რეალური ინფორმაცია და შეგვეძლება, ამ საკითხის შესახებ ვიმსჯელოთ. გარდაცვალების მიზეზზე საუბრისთვის დასკვნა გვჭირდება. თუმცა, რამდენიმე დღის წინ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტის იდენტიფიცირება მოხდა, რაც არის ვაქცინაციის ზუსტი დრო. ახალციხის კლინიკის მიერ შედგენილ ფორმა 100-ში ვაქცინაციის დროთ მითითებულია 12 სთ და 30 წუთი მაშინ, როდესაც რეალურად, ვაქცინაცია 12 სთ-სა და 13 წუთზე მოხდა. ფორმა 100-ის თანახმად, 20-25 წუთში მეგის ჩივილები გამოუვლინდა და ამ მომენტიდან 15 წუთში, 13 სთ-სა და 10 წთ-ზე მას გაეწია რეანიმატოლოგის მიერ დახმარება. ეს ფაქტობრივი უზუსტობა მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამედიცინო დოკუმენტს და ასევე, ახალციხის კლინიკაში შედგენილ სამედიცინო ისტორიას. მიგვაჩნია, რო გამოძიებამ უნდა დაიწყოს მოკვლევა სამედიცინო დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბების ფაქტის შესახებ“, - განაცხადა ადვოკატმა.

დღეს მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის ექსპერტიზასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ. უწყებაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა სახის კვლევები ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის.

ასევე განცხადება გაავრცელა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. უწყების ცნობით, მეგი ბაქრაძის საქმის ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, ინტენსიურად გრძელდება მედპერსონალის გამოკითხვასა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გასულ კვირას განაცხადა, რომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნა ორშაბათს, 29 მარტს გამოქვეყნდებოდა.

18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,"ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system