თავში

რას ჰყვება მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე

რას ჰყვება მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე
რას ჰყვება მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ ქვეყანას ბადრი პატარკაციშვილის რუსული სცენარი აარიდა. 

მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, თავად არავისთვის მიუცია ინსტრუქციები და მისი შეფასებით, იმ დროისთვის ახალგაზრდა და გამოუცდელი პოლიცია თავის მოვალეობას ასრულდებდა ისე, როგორც მას ესმოდა. 

"რაც შეეხება 7 ნოემბრის საქმეს - რომ ატრიალებთ მუდმივად კადრებს, რომელიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და მე დღემდე ცუდად ვიგონებ ამას, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი?! შეადარეთ დაზარალებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს. გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირმა თავისი პირდაპირი მოწოდებით?! 

მაგრამ მე მინდა ვილაპარაკო იმაზე, რა გეოპოლიტიკური კონტექსტი იყო მაშინ საქართველოში - საქართველო მიდიოდა NATO-სკენ. 2006-ში პუტინმა თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს. იმ წელს, ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მითხრა, ვინ არის ეს არკადი პატარკაციშვილი, რომელსაც უნდა ჩემთან ჩამოსვლა და ითხოვს ნებართვას, რომ მე შემხვდესო. მე ვუთხარი, როგორც გინდა ქენი, მაგრამ არაფერი საქმიანი აქედან არ გამოვა-მეთქი და არ მიიღო. მერე პატარკაციშვილი მაინც ჩადის მინსკში. შემდეგ მიყვება ლუკაშენკო, დამირეკა პუტინმა და მითხრა, რომ ილაპარაკებს პატარკაციშვილიო. FSB-ს სამი გენერალი ჩავიდა, ეს არის ლუკაშენკოს ნათქვამი, და პატარკაციშვილს წინასწარ შეხვდა. ამის შემდეგ, პუტინმა გამოუცხადა ლუკაშენკოს, რომ ეს არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტიო.

ეს ხდება 2007 წლის სექტემბერში. ამის შემდეგ იწყება კამპანია, რომ უნდა იყოს დიდი გამოსვლები, პატარკაციშვილის ორგანიზებული და დაფინანსებული. პატარკაციშვილის ფული იყო მთლიანად რუსული ფული. ამის გარდა, უნდა ინახებოდეს ამერიკის ფედერალური ბიუროს წერილი, რომელიც მათ მოგვწერეს დაახლოებით, 2007 წლის ოქტომბერში, სადაც გვითხრეს, რომ ჩამოსულები იყვნენ ერევანში კანონიერი ქურდები, უსოიანი და რამდენიმე ქართველი კანონიერი ქურდი, რომელთა ფუნქციაც იყო არეულობების ორგანიზება საქართველოს დედაქალაქში. ეს არის FBI-ის გაფრთხილება და წერილი. 2007 წლის ოქტომბერში თბილისში გაიმართა ისტორიული კონფერენცია - თბილისში ჩამოვიდა NATO-ს გენერალური მდივანი, ჩამოვიდა რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი, ამერიკის ელჩი NATO-ში, ამერიკის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე და ამ კონფერენციაზე, რომელიც გრძელდებოდა რამდენიმე დღე, პრაქტიკულად, გადაწყდა საქართველოსთვის MAP-ის მიღება. ისინი წავიდნენ საოცარი შთაბეჭდილებით. წავიდნენ 30 ოქტომბერს და 2 ნოემბერს მოხდა ეს დიდი გამოსვლა თბილისში.

მე შორს ვარ იმ აზრიდან, რომ ყველა ადამიანი, ვინც ქუჩაში გამოვიდა, ან რუსეთის დაკრულზე ცეკვავდა, ან იცოდა პატარკაციშვილის გეგმების შესახებ, ეს იყო რთული პერიოდი იმ გაგებით, რომ ჩვენ ჩავატარეთ საკმაოდ რთული რეფორმები, რამდენიმე ათეულ ათასობით პოლიციელი დარჩა უმუშევარი, ძალიან ბევრი ადამიანი გადაეწყო ახალ რელსებზე, ინფლაცია იყო საკმაოდ მაღალი, ხალხს ჰქონდა ობიექტური საშუალება რომ ყოფილიყო ჩვენზე გაბრაზებული. მართლაც იყო დიდი მიტინგი, ეს მე მივიღე, როგორც სიგნალი, ამ მიტინგზე მივიდა პატარკაციშვილი და წარმოთქვა სიტყვა და ამით ყველაფერი ნათელი იყო, რისთვის ეწყობოდა ეს. შემდეგ 7-ში დილას მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ რაღაც პატარა შეტაკება მოუვიდა პოლიციას, შემდეგ გადაიზარდა იმაში, ჩვეულებრივი, საპოლიციო, დაახლოებით, ისეთი რაღაც მოხდა, რაც დღეს სასამართლოს წინ, როცა გაზი შეასხეს დემონსტრანტებს და ვიღაცები დააკავეს. ამის შემდეგ ბევრად მეტი ხალხი გამოვიდა.

უკვე ამ სცენაზე იყო შს მინისტრი, მე ყველაფერს ვუყურებდი ტელევიზიით, მათთვის არანაირი ინსტრუქციები არ მიმიცია, ისინი ასრულებდნენ ამ მოვალეობას, როგორც მათ ესმოდათ და როგორი გამოცდილებაც ჰქონდა ჩვენს პოლიციას, რომელიც იყო მაშინ ძალიან გამოუცდელი. ღმერთმა დაგვიფარა და მაშინ არავინ დაიღუპა ამ შეტაკებების დროს. ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ, რომელთანაც მე სახლში მივედი. ამ ყველაფრის შემდეგ, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება, და არავის აზრად არ მოსდის ამაზე საქმეების აღძვრა, გარდა განსაკუთრებული მანიაკებისა, მე გავაკეთე ის, რასაც ძალიან ცოტა ლიდერი აკეთებს მსოფლიოში - გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა 1.5 წლით და წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგე, რათა მიმეღო ახალი მანდატო ხალხისგან და ჩამეშალა ის რუსული გეგმები, რომ ამ გამოსვლების გამო არ დაგვბლოკოდა NATO-ში ინტეგრაცია. შემდეგ პრეზიდენტმა ბუშმა მიმიწვია ოფიციალურ სადილზე და მითხრა ყოჩაღ, რა მაგარი რაღაც გააკეთე, რომ გადადექი, იმიტომ ხარ აქ და იმიტომ გიჭერთ მხარს, რომ არ ეპოტინები ხელისუფლებასო. ქართველმა ხალხმა ამ საქმეზე ვერდიქტი უკვე გამოიტანა, რასაც ახლა აქ გვედავებიან,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system