თავში

რატომ გაიგზავნა შაქარაშვილის საქმის მოწმის ფოტოაპარატი ხელახალ ექსპერტიზაზე

რატომ გაიგზავნა შაქარაშვილის საქმის მოწმის ფოტოაპარატი ხელახალ ექსპერტიზაზე
რატომ გაიგზავნა შაქარაშვილის საქმის მოწმის ფოტოაპარატი ხელახალ ექსპერტიზაზე

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმის, იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატს ხელახალი ექსპერტიზა უტარდება.

ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში 4 ივლისსაა გაგზავნილი.

საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დოკუმენტში მითითებულია, რომ წინა, 24 ივნისს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფოტოაპარატში მოთავსებული მეხსიერების ბარათიდან ამოღებული და აღდგენილია გრაფიკული და ვიდეო ფაილები, ხოლოს სხვა სახის მასალების ამოღება-აღდგენა შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელთ არსებული აპარატურით შეუძლებელი აღმოჩნდა.

როგორც დეტექტივ-გამომძიებელი მიუთითებს დოკუმენტში, ვინაიდან შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ვერ აღდგა ფოტოაპარატიდან წაშლილი მასალები, რომლებიც შესაძლებელია ასახავდეს საქმისთვის მნიშვნლოვან ინფორმაციას. ამჯერად ექსპერტიზის ჩატარება უნდა დაევალოს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს.  

24 ივნისს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მეხსიერების ბარათიდან ამოღებულია და აღდგენილ იქნა 2198 არსებული და 1700 წაშლილი სტატუსის მქონე გრაფიკული ფაილი და 28 არსებული სტატუსის მქონე ვიდეო ფაილი, ხოლო სხვა სახის მასალის ამოღება/აღდგენა წარმოდგენილი მეხსიერების ბარათიდან, ექსპერტთა ხელთ არსებული აპარატურულ-პროგრამული საშუალებებით შეუძლებელი აღმოჩნდა. ჯამში, ფოტოკამერიდან ამოღებულმა მასალამ 6 DVD დისკი შეადგინა.

იაკობ ბრეგვაძის დედამ 7 ივლისს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ მის შვილს ფოტოაპარატით არაფერი გადაუღია:

„დაეკითხეთ მოწმეებს, ვინმეს თუ დაუნახავს წვეულებაზე, რომ იაკობს კამერა ეჭირა ხელში და იღებდა? ჩემი შვილი იქ სტუმრად იყო, და დღეს პირიქით, ნანობს კიდეც რომ არაფერი გადაიღო, ნეტა გადამეღოო…იუბილართან მეგობრობს და მან დაპატიჟა, სხვებს არ იცნობდა… ხიდზე, ვიდეოშიც ჩანს, რომ ბიჭები სულაც არ მოელოდნენ საფრთხეს, მშვენიერ ხასიათზე იყვნენ და როდესაც გაჩერდა მანქანა და რკინის ჯოხით გადმოვიდა თავდამსხმელი, მანდ უკვე გადაღებაზე კი არა, სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრობდა იაკობი“, - წერს ფოტოგრაფის დედა. 

ცნობისთვის, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგგვაძე აღნიშნული საქმის მოწმეა და მას დაზარალებულის სტატუსი აქვს. 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system