თავში

განზრახ გააჩინეს თუ არა ხანძარი მცხეთაში - ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

განზრახ გააჩინეს თუ არა ხანძარი მცხეთაში - ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
განზრახ გააჩინეს თუ არა ხანძარი მცხეთაში - ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის შემდეგ report.ge-ს მიერ, მცხეთაში მომხდარი ხანძრის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს. გუშინ ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა, განზრახ არის ეს ხანძარი გაჩენილი თუ გარკვეული გაუფრთხილებლობა იყო. შემთხვევის ადგილთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებულია ყველა გადაუდებელი და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები. ეს არის გამოძიების საგანი - ცალკე საქმე ხანძართან დაკავშირებით მიმდინარეობს და დაველოდოთ მის შედეგებს“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, ტერიტორია, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, დამწვარია.

„ფერადი ჯიხურის გვერდით, ის ტერიტორია, სადაც, სავარაუდოდ, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, არის დამწვარი. ეს შემთხვევით მოხდა თუ განზრახ, არ ვიცი. საუბარია იმაზე, რომ იმ ტერიტორიებზე იმალებოდა ამირხანაშვილი. იქ შეიძლებოდა ყოფილიყო დნმ-ს კვალი და ა.შ. დღეს ეს ადგილი დამწვარია. ფაქტია, რომ ეს კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას სძენს ამ საქმეს“, - განაცხადა გელხაურმა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system