თავში

"როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“ - რას ჰყვება "ოქროს მოწმე"

"როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“ - რას ჰყვება "ოქროს მოწმე"
როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“ - რას ჰყვება ოქროს მოწმე

"რადიო თავისუფლება", გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მთავარი მოწმის, გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვის მეხუთე ჩვენების შინაარსს ასაჯაროვებს, სადაც ამირხანაშვილი გამომძიებელს უხსნის, რომ წინა ოთხი გამოკითხვისას ის სტრესულ მდგომარეობაში იყო და ზოგიერთი დეტალის გახსენება მხოლოდ მოგვიანებით შეძლო.

მეხუთე გამოკითხვის ოქმში ამირხანაშვილი აღწერს, მცხეთაში, არაგვის ხიდის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს და ასახელებს იმ პირების ვინაობას, გადაადგილებასა და ცალკეულ ფრაზებს, რომელიც მან უკვე გზად თბილისისკენ, „ტოიოტა კამრიში“ მჯდომმა გაიგონა. 

ამირხანაშვილი გამოკითხვის ახალ ოქმში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც 19 ივნისის ღამეს, მცხეთის მაგისტრალზე გაჩერებული „ტოიოტა კამრიდან“ გადმოსული მდევრებისგან თავის დასაღწევად ე.წ. ფერადი შენობის უკან შეირბინა, ის „ორმოს მსგავს დაბლობზე“ ჩავარდა, საიდანაც მაშინვე ამოვიდა, რაკიღა აინტერესებდა, რა ხდებოდა მის გარშემო, ფრთხილად გამოიხედა და დაინახა, რომ მეორად საავტომობილო გზაზე, სწრაფი სირბილითა და გინებით ჩარბოდა „კამრიდან“ გადმოსული სამი ახალგაზრდა, მის მიერ ამოცნობილი ვახტანგ ჩიქოვანი, ა.ქ. და ზ.ხ. ამირხანაშვილის თქმით, ისინი სწორედ იქით გარბოდნენ, სადაც მანამდე ჩაირბინეს მდევრებისგან გაქცეულმა ვახტანგ ახვლედიანმა და გიორგი შაქარაშვილმა.

გამოკითხვის ოქმის თანახმად, ვინაიდან „კამრიში“ მსხდომი დანარჩენი ორი მგზავრი და მძღოლი არსად ჩანდა, ის შეშინდა და კვლავ ბუჩქებში ჩაიმალა, სადაც 7-8 წუთის განმავლობაში დარჩა. ამ დროის გასვლის შემდეგ, მას კვლავ მოესმა ხმა, რომელიც არაგვის ხიდის ქვევიდან, მეორადი გზიდან მოდიოდა, თუმცა, ამჯერად, გინების გარეშე. ამირხანაშვილის სიტყვებით, ეს პირები ყვიროდნენ, რომ დამალულები გამოსულიყვნენ და მათ არაფერს დაუშავებდნენ.

გურამ ამირხანაშვილი ამბობს, რომ მდევრებმა შენობას შემოუარეს და ის იპოვეს. მისი თქმით, ეს პირები სწორედ ისინი იყვნენ, ვინც ვახტანგ ახვლედიანსა და გიორგი შაქარაშვილს გაედევნენ. გურამ ამირხანაშვილი ამბობს, რომ ისინი იყვნენ „დაღლილები და აფორიაქებულები“, მალევე მათთან გაჩერდა მუქი ფერის „კამრი“, ერთ-ორ წუთში კი დაინახა ხიდის ქვევიდან, მეორადი საავტომობილო გზიდან ამომავალი კიდევ ორი მდევარი, მისი თქმით, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი.

ჩვენების მიხედვით, არჩილ გაგნიძემ დანარჩენ პირებს მკაცრად უთხრა, რომ გურამ ამირხანაშვილი მანქანაში ჩაესვათ და თბილისისკენ წამოვიდნენ.

არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები. რაზეც ასევე მკითხა, „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“. აღნიშნული შეკითხვისთვის მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, იმ მომენტში ვერაფერთან დავაკავშირე, რადგან ვიყავი აღელვებული და ვნერვიულობდი ჩემ მეგობარ გიორგი შაქარაშვილზე. ასევე მგზავრობისას, როგორც მახსოვს, უკან მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა ახსენა შემდეგი შინაარსის სიტყვები, „რომ დავადეთ, უკვე დამკაში იქნება გასული“, ვის გულისხმობდა ის, არ ვიცი,“ - აღნიშნავს ამირხანაშვილი მეხუთე ჩვენებაში.

სავარაუდოდ, ეს ჩვენება ერთ-ერთი საბაბია, რომლითაც გამოძიებამ დაკავებული 17 პირიდან, ხუთს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system