თავში

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შსს დეტალებს ასაჯაროებს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შსს დეტალებს ასაჯაროებს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შსს დეტალებს ასაჯაროებს

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება კიდევ ერთი, ძალადობის მუხლით დაიწყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

,,რადგან გამოიკვეთა ფიზიკური დაპირისპირების კვალი, დაემატა კიდევ ერთი მუხლი და დღეის მდგომარეობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით", - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბოცვაძემ განაცხადა.

უწყების მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა.

,,2020 წლის 19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე ირკვევა, რომ 2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს. რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4 დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი.

გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმის გამოძიების პროცესში მუშაობს ყველა მიმართულებით, განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია, სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი.

დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ათეულობით პირი , დაახლოებით 50 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირის, ვინც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას, დაუყოვნებლივ მოგვმართონ და მაქსიმალურად ითანამშრომლონ ჩვენთან", - განაცხადეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system