თავში

სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლეების აცილებას ითხოვენ

სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლეების აცილებას ითხოვენ
სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლეების აცილებას ითხოვენ

7 ნოემბრის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლეთა კოლეგიის ნინო ელიეშვილის, მაია ქოქიაშვილისა და ლია ორკოდაშვილი აცილებას ითხოვენ. 

ადვოკატები სხდომაზე ბრალდებულის, მიხეილ სააკაშვილის დასწრებას ითხოვდნენ, რაც არ დაკმაყოფილდა.

„სასამართლოს როგორ შეიძლება იმაზე უარესი დაემართოს, ვიდრე არის ბრალდებულის გარეშე პროცესის ჩატარება, რომელსაც სასამართლოზე გამოცხადების სურვილიც აქვს და შესაძლებლობაც და რომელზეც ვარაუდი არსებობს, რომ მალე სურვილი ექნება, მაგრამ შესაძლებლობა აღარ. ამაზე მეტად ღირსება რამ უნდა შეგილახოთ? ღირსებას ბრალდებულის ცარიელი სკამი გილახავთ. ამ შემადგენლობით სასამართლოს მე ვფიქრობ არ აქვს სამართლებრივი და მორალური უფლება განაგრძოს ამ საქმის განხილვა. ამ შუამდგომლობის არ დაკმაყოფილება ნიშნავს იმის დადასტურებას, რომ სასამართლოს ეს შემადგენლობა მზადაა რატი ბრეგაძის და ბრალდების ყველა პოზიციას ხელი მოაწეროს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრება თავად ბრალდებული.

ადგილზე იმყოფებიან ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და ოპოზიციის ლიდერები. სასამართლოს ეზოში სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით არ ესწრება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განმარტებით, მიუხედეავად ტკივილებისა და საერთო სისუსტისა, მიხეილ სააკაშვილი მზად არის მოიკრიბოს ძალები და დაესწროს სასამართლო პროცესს, რის საშუალებასაც მას პენიტენციური სამსახური არ აძლევს. ამასთან, ბასილაია ამბობს, რომ პენიტენციურ სამსახურს კანონი არ აძლევს ამ გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ბასილაია ამბობს, რომ სააკაშვილი არის მხნედ და განწყობილია სასამართლო პროცესზე გამოსვლისთვის.

როგორც ბასილაიამ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტს არც კი შეატყობინეს, რომ პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით სასამართლოდან შესაბამისი მოთხოვნა იყო გაგზავნილი.

ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სააკაშვილი 41 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system