თავში

საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისს დაშავებულებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა

საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისს დაშავებულებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა
საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისს დაშავებულებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ 16 პირს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც აქციის დროს დაშავებული პირების უფლებებს იცავდა. 

დაშავებულთა სახელით საიამ სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბერს, მას შემდეგ მიმართა, როდესაც პროკურატურამ მათ სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილება არ დაასაბუთა. საია სასამართლოში ითხოვდა პროკურატურის დადგენილების გაუქმებას და 20-21 ივნისს დაზარალებული 16 პირისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანას.

საიას ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი შემდეგი საფუძვლით თქვა:  

„დაზარალებულად ცნობისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი და პირის ბრალდებულად ცნობის მტკიცებულებითი სტანდარტი თანაბარია, მაგრამ პირის დაზარალებულად ცნობა არ არის დამოკიდებული სისხლის სამართლის საქმეში კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისათვის საკმარის მტკიცებულებათა მოპოვებასთან. თუმცა, აუცილებელია საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს რომელიმე სახის ზიანი“.

საია მიიჩნევს, რომ სასამართლოს ეს განმარტება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან. ორგანიზაციის მტკიცებით, დაზარალებულ პირებს მიღებული აქვთ სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მათ შორის, რამდენიმე დაზარალებულს დაკარგული აქვს ცალი თვალი, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ სახეზეა დანაშაული. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ საჩივრდება, თუმცა საია გააგრძელებს 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების საქმეებზე მუშაობას, მათ შორის, საია არ გამორიცხავს, რომ მიმართავს საერთაშორისო მექანიზმებს დაზარალებული პირების უფლებების დასაცავად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system