თავში

საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი განახლდა

საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი განახლდა
საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი განახლდა

ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა, თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა. 

საქმის პროკურორის თქმით, სასამართლო სხდომები კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემიის გამო გადადებული იყო, თუმცა, სასამართლოს კანონის დათქმა აქვს, რომ 2 წლის ვადაში გამოიტანოს განაჩენი და დღევანდელი სხდომა ტექნიკური ხასიათის იქნება, სადაც შემდეგი პროცესების ჩატარება დროში გაიწერება.

ზვიად გუბელაძის განცხადებით, ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ სამივე ბრალდებულის მიმართ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მათ დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე შუამდგომლობა ექნებათ.

მისივე თქმით, პანდემიის პირობებში, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესის განახლება, მის მიმართ პოლიტიკურ დევნაზე მიანიშნებს.

შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლომ პროცესი პირველ დეკემბერსაც ჩანიშნა და ის წესით 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა მეორე დღეს გაურკვეველი ვადით გადაიდო. 20 იანვარს კი, ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა.

გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს ბრალი წაუყენა.

 ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალი წაუყენეს. მას, ასევე, ბრალად ედება ფულის გათეთრება. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც პროკურატურის განცხადებით, ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

ზურაბ იაშვილს ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

2019 წლის 20 ივლისს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system